ახალი ამბები

ოქრუაშვილი: კონსტიტუცია უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, ვისიც არ უნდა იყოს ის

18 ივნისი, 2019 • 1098
ოქრუაშვილი: კონსტიტუცია უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, ვისიც არ უნდა იყოს ის

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს სისუსტეზე მიანიშნებს. პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის უფლებას მიუხედავად მათი მრწამსისა და შეხედულებისა:

“ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, პირველ რიგში, მიუხედავად მისი მრწამსისა და შეხედულებებისა. ესააა ჩვენი ურყევი პოზიცია. კონსტიტუცია უზრუნველყოფს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ვისიც არ უნდა იყოს ეს. კონსტიტუცია არის მთავარი სამოქმედო დოკუმენტი თითოეული ჩვენგანისთვის, რა შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი სუსტია ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ქვეყანაში სადაც კინსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი ადამიანის ინტერესებსა და ნება-სურვილზეა დამოკიდებული, მეორე ხარისხოვანს ხდის დემოკრატიას და მის ფუნდამენტურ ღირებულებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,” – ამბობს პოლიტიკოსი.

ოქრუაშვილის თქმით, მსგავსი პროცესებით საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება იმ მნიშვნელოვანი პრობლემებიდან, რომლის წინაშეც ქყვენა დგას:

“ასეთი პროცესებით შედეგად ყურადღება გადადის ყველა მნიშვნელოვანი საკითხიდან. ადამიანებს როდესაც აქვთ საშუალება დააკვირდნენ ასეთ მოვლენებს, ავიწყდებათ რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა, დაკარგული ტერიტორიებიდან დაწყებული, შიმშილით დამთავრებული. ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს,” – ამბობს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები:

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა. ასევე მივმართავ თითოეულ პოლიციელს, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი მათი მუნდირის ღირსება და რაღაც ცალკეულმა ჯგუფებმა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება.

ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით და არავის აქვს უფლება თავისი თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა და თავის თავზე აიღოს სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელება. ვინც არ უნდა იყოს ეს, რა ჯგუფიც არ უნდა იყოს ეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არცერთი ჩვენგანი, არცერთი ინტერესთა ჯგუფი არ უნდა აღმოჩნდეს უნებლიედ გამოყენებული იარაღი ვინმეს ხელში,” – ამბობს ოქრუაშვილი.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ უფლებათა აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი