ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საეკლესიო კონფლიქტის მოგვარებას რუსეთის პატრიარქისგან მოელიან

18 ივნისი, 2019 • 2850
აფხაზეთში საეკლესიო კონფლიქტის მოგვარებას რუსეთის პატრიარქისგან მოელიან

მარიანა კოტოვა, სოხუმი


[red_box]ახალი ათონის მონასტერი – დაპირისპირების სივრცე აფხაზეთში[/red_box]

აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი  – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას. მეორე –  რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს

ახალი ათონის მონასტერი ერთი თვეზე მეტია აფხაზეთში ამ ორი ეკლესიის, სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქიისა და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის ეკლესიების დაპირისპირების სივრცედ იქცა. პრობლემის მოგვარების საკითხში პრეზიდენტი ხაჯიმბა ჩაერთო, რომელმაც დახმარებისთვის რუსეთის პატრიარქს მიმართა.

[blue_box]პრორუსული ეკლესიის წევრების ახალი ათონის მონასტერში შეჭრა[/blue_box]

ორი ეკლესიის ხელმძღვანელი, დოროთე დბარი და ბესარიონ აპლია აფხაზური ეკლესიის საკითხში კონსენსუსის მისაღწევად წლებია მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ამ წლების განმავლობაში მხარეები გარკვეული ერთობლივი დოკუმენტების შემუშავებასაც ცდილობდნენ მიღწეული შედეგების ასასახად, თუმცა ყველა თანმდევი გაუგებრობა რუსული ეკლესიის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ იჩენდა ხოლმე თავს.

მხარეებს შორის რვაწლიანი მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფონზე, 2019 წლის 11 მაისს ბესარიონ აპლია და მისი ეპარქიის წარმომადგენლები, როგორც თავად დოროთე დბარი ამბობს, ახალი ათონის მონასტერში [აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის ადგილსამყოფელი ამჟამად] “ჩამოვიდნენ და საკმაოდ აგრესიულად შემოიჭრნენ ათონის მონასტერში”.

“საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი შედგა ჩვენ შორის. რამდენიმე წლის წინ  ტაძარში ძალადობრივი შემოჭრის მცდელობები იყო. თუმცა, როგორც წესი,  პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდა და საღამოს ისევ იჩენდა ხოლმე თავს. ამჯერად კი დარჩა აქ”, – ამბობს დოროთე დბარი.

აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიამ დაპირისპირებული ეპარქიის წინამძღოლიც და სხვა სასულიერო პირებიც კელიებში დაასახლა, სადაც დღემდე ცხოვრობენ,

“მათ თვითნებურად დაიწყეს ტაძრის შესასვლელთან ღვთისმსახურება, ატარებენ წირვას. იყო მრევლთან ერთად ტაძარში შეჭრის მცდელობაც”.

დღესდღეობით, ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსის სხვადასხვა ფრთაში ორივე მხარე ღვთისმსახურებას ატარებს. სპეციალურად წირვისთვის სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქიის მრევლი სოხუმიდანაც ჩამოდის.

სად ნახეს გამოსავალი

სიტუაციის გამწვავების არიდების მიზნით, პროაფხაზური ეკლესიის ხელმძღვანელმა, დოროთე დბარმა პრორუსული ეკლესიის ხელმძღვანელს, ბესარიონ აპლიას ღვითსმსახურების ერთობლივად ჩატარება შესთავაზა.

როგორც აღმოჩნდა, პრორუსული ეკლესიის წინამძღოლს აფხაზეთში უფლება არ აქვს ერთობლივი საქმიანობა განახორციელოს იმ საეკლესიო პირთან, რომელსაც რუსული ეკლესია არ ცნობს და, შესაბამისად, ღვთისმსახურებას უკრძალავს.

აფხაზეთში გამოსავალი დაინახეს რუსეთის პატრიარქისთვის მიმართვის წერილში, სადაც კირილს სთხოვენ, რომ დოროთე დბარს ღვთისმსახურებაზე აკრძალვა მოუხსნან.

მსგავსი მიმართვა სხვა დროსაც იყო გაგზავნილი აფხაზეთიდან, თუმცა მაიკოპის მღვდელმთავრის, ანდრეის სახელზე, რომელმაც თავის დროზე ეს აკრძალვა დააწესა დბარზე. თუმცა ეს საკითხი არ განუხილავთ. ამიტომაც ამჟამად უშუალოდ რუსეთის პატრიარქს მიმართეს, რათა საკითხისთვის მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინათ.

[red_box]დახმარების თხოვნის წერილი რუსეთის პატრიარქს[/red_box]

“მონანიების წერილის” დაწერა რუსეთის პატრიარქისთვის, როგორც თავად წმინდა მიტროპოლიის ხელმძღვანელი, დოროთე დბარი ამბობს, მისთვის მიუღებელია, რადგანაც მიიჩნევს, რომ არ ექვემდებარება რუსულ ეკლესისა და მისთვის სულერთია, რა სტატუსს მიანიჭებს მას ის.

“მე ნამდვილად არ ვაღიარებ ამ აკრძალვას, რომელიც რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამიწესა. რვა წელი საბერძნეთში ვსწავლობდი და ჩემი საეკლსიო სტატუსი სხვა ხასიათისაა. მე რაღაც მოსანანიებელ წერილებს არ დავწერ, ამას ყოველთვის ვამბობდი და მამა ბესარიონთან ჩვენი ბოლო საუბრის დროსაც ვთქვი”.

შესაბამისად, კირილამდე წერილის ინიციატორის როლში აფხაზეთის ხელისუფლება და კონკრეტულად პრეზიდენტი ხაჯიმბა გამოვიდა. აღნიშნული მიმართვის მნიშვნელობა პრეზიდენტმა ხაჯიმბამ საკუთარი ხელმოწერითაც დაადასტურა.  

5 ივნისს, პირველ საათზე, ათონის ტაძარში, სადაც ორი დაპირისპირებული ეკლესიის მრევლი იცდიდა, ტაძარში დეპუტატი ნატალი სმირი გამოცხადდა მიმართვის დოკუმენტის ასლით, რომელიც ხაჯიმბას მიერ იყო ხელმოწერილი.

[blue_box]დოროთე დბარის პოზიცია[/blue_box]

თავად დოროთე დბარი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის დაინტერესება აფხაზური ეკლესიის განხეთქილების მოგვარებაში  და მისი მონაწილეობა კონფლიქტის გადაჭრაში, გარკვეულწილად, ავალდებულებს რუსულ ეკლესიას, კიდევ უფრო მეტად ჩაერიოს აფხაზი მღვდლების დაპირისპირებასა და საეკლესიო საკითხებში.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი კირილი მიიღებს ამ მიმართვას და მოხსნის აკრძალვას დოროთე დბარისთვის, აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიასა და სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქიას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა.

აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის მეთაური ასევე მიიჩნევს, რომ თუ რუსული ეკლესიის პატრიარქი კირილი არ მოხსნის მისთვის  ღვთისმსახურებზე აკრძალვის უფლებას, “ნათელი იქნება, ვინ არის აფხაზეთში საეკლესიო განხეთქილების ინიციატორი”.

“დღეს ფორმალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი ვართ მაგრამ, ფაქტიურად, არანაირი კონტაქტი საქართველოს საპატრიარქოსთან არ გვაქვს. რუსული ეკლესიისთვის ხელსაყრელია ეს სიტუაცია, უკრაინის ეკელსიის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ისინი ამ სიტუაციას გამოიყენებენ. ვიცი, რომ ახლა შეიძლება ეპარქიის შექმნა, ეპისკოპოსის დანიშნვა შემოგვთავაზონ, რაც ჩვენ არ გვაწყობს. ვინც არ უნდა იყოს, ორ წელში მოაშორებენ და ისევ თავიანთ წარმომადგენელს გამოგზავნიან. არ უნდა დავთმოთ და დავუშვათ, რომ ჩვენი შიდა საკითხები რუსეთში წყდებოდეს. მამა ბესარიონს კი ეს ნიუანსები არ ესმის.

სისულელე იქნება, თუ დამოუკიდებელობის გზაზე ჩვენს მრევლს იმედს გავუცრუებთ. მაშინ რაში გვჭირდება ეს ავტოკეფალია, თუ ადამიანები არ გვეყოლებიან ტაძრებში და მშვიდ ქრისტიანულ ცხოვრებას ვერ  მივცემთ. იმის ნაცვლად, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე ვიფიქროთ, მიტინგებს ვაწყობთ. ყველა ჩემი მცდელობა, დიპლომატიურად მომეგვარებინა კონფლიქტი და სიმშვიდე მიგვეცა აფხაზი მორწმუნეებისთვის, იმედგაცრუებით მთავრდება”.

რუსეთის პატრიარქის პასუხი გაგზავნილ მიმართვაზე აფხაზეთში ჯერ არ მიუღიათ.

აფხაზეთი, ახალი ათონი; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი