მინისტრთა კაბინეტს ყველაზე დადებითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი ტოვებს

დავით სერგეენკო, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ოფიციალურად დატოვებს, NDI-ის ბოლო კვლევით კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობაში პოზიტიური განწყობების თვალსაზრისით ლიდერი პოლიტიკოსია.

NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, სერგეენკოს მიმართ დადებითი განწყობა 40%-ს აქვს, ხოლო უარყოფითი 12%-ს. ეს ქართულ პოლიტიკურ ველში საუკეთესო შედეგია.

მინისტრთა კაბინეტში ამჟამად მხოლოდ დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც “ოცნების” მთავრობაში პირველივე დღიდან, ანუ 2012 წლიდან მუშაობდნენ.

NDI/CRRC-ის ბოლო კვლევა

დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ.

“ჩვენ დღეს პრემიერთან ერთად გავაკებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მას ბევრი შემფასებელი ჰყავს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით…  ვფიქრობ, რომ დღეს, ყველაფერს ცასლსახა პასუხი გაეცემა,“- ამბობს სერგეენკო.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მან ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

“გუნდში დავრჩები, იმიტომ რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი ჩემთვის, რომელიც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისათვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. არსად არ მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ხედვა რომ ვიმუშავო ამ გუნდთან ერთად,“- ამბობს სერგეენკო.

გუშინ სერგეენკო ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელება პრემიერის პრეროგატივა იყო.

“ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. მე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. იმის გათვალისიწნებითაც კი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ეს არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება”, – განუცხადა სერგეენკომ “რუსთავი 2”-ს გუშინ, 17 ივნისს.

სერგეენკოს გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია რამდენიმე დღეა, რაც ვრცელდება. დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com