ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ევრაზიული არჩევანი და რისკები

6 დეკემბერი, 2014 • • 1252
სომხეთის ევრაზიული არჩევანი და რისკები

წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციურმა პარტია “მემკვიდრეობამ” მისცა და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა. მთლიანობაში, შეთანმების რატიფიცირების მომხრე 103 დეპუტატი აღმოჩნდა, მოწინააღმდეგე – 7, ერთმა კი თავი შეიკავა.

 

რა ელოდება ამიერიდან სომხეთს? ეს არის ქვეყანაში ყველაზე აქტიურად განხილვადი საკითხი დღესდღეობით. სახელისუფლებო “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებით, რომელიც პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი იძლევა შესაძლებლობას, რომ შეიქმნას “კავშირის წევრი ქვეყნების სტაბილური განვითარებისთვის პირობები, მოხდეს ერთიანი შრომითი ბაზრის ფორმირება და მრავალმხრივი თანამშრომლობა”. თუმცა ევრაზიული სამეულის [რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი] შიგნით განვითარებული ბოლოდროინდელი პროცესები დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

 

მართალია, სომხეთის პარლამენტის მიერ უკვე რატიფიცირებულია ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შეთანხმება, მაგრამ კავშირის წევრმა ქვეყნებმა – ბელურსმა და ყაზახეთმა ეს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მოახდინონ. თუმცა ამ ქვეყნებსაც წარმოექმნათ სერიოზული წინააღმდეგობები რუსეთთან. მაგალითად, რას ნიშნავს მოსკოვის მიერ ბელორუსიდან ხორცის იმპორტის აკრძალვა? მოსკოვმა განაცხადა, რომ ბელორუსი უბრალოდ მარკირებას უკეთებს აკრძალულ ევროპულ პროდუქციას და ასაღებს მას რუსეთში. ამის საპასუხოდ მინსკიდან უკმაყოფილება გაისმა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საბაჟო შეთანხმებებს, კერძოდ, ძირითად პრინციპს – საქონლის თავისუფლად გადატანის შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ პრევენციული ნაბიჯის სახით მინსკი დაიწყებს სომხეთის კავშირთან შეერთების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის გაჭიანურებას.

 

იმავეს გაკეთება შეუძლია ყაზახეთს, რომელიც ასევე არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების გამო. ყაზახ ბიზნესმენებსაც უხდებათ ლავირება იმ საკითხებში, რომლებიც უკავშირდება რუსეთში აკრძალული ტვირთების მარკირებას. და როგორც უკვე არაერთხელ მოხდა, მინსკმა და ასტანამ შესაძლოა ხელახლა მოახდინონ მოსკოვისთვის თავიანთი არალოიალობის დემონსტრირება სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების საკითხისადმი. ასე მოხდა, როდესაც ყაზახეთისა და ბელორუსის ლიდერებმა წამოწიეს საკითხი იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს კავშირში შესვლა ყარაბაღთან ერთად, თუ გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით?

 

ამას გარდა, მინსკსა და ასტანას აქვთ პირდაპირი მიზეზიც, წინ აღუდგნენ სომხეთის შესვლას კავშირში, რადგან ერევანი ყოველთვის მისცემს ხმას რუსეთის სასარგებლოდ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვს ექნება შესაძლებლობა ევრაზიულ კომისიას ნებისმიერი მისთვის მომგებიანი და პარტნიორებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიაღებინოს. გამოდის, რომ ასტანასა და მინსკს არ აწყობთ სომხეთის შესვლა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ერევანი დამოუკიდებელ მოთამაშედ ფაქტობრივად არ განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რუსეთის ინტერესებს მოემსახურება.

სარგსიანი და პუტინი, ფოტო: lenta.ru
სარგსიანი და პუტინი, ფოტო: lenta.ru

სომხეთის მთავრობა ირწმუნება, რომ რახან ქვეყანას არა აქვს საერთო საზღვრები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან, შეთანხმებით გათვალისწინებულია სომხური ტვირთების მესამე ქვეყნების ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირება და ჩადებულია ისეთი ფორმულირებები, რაც გამორიცხავს ყველა შესაძლო წინაღობას სომეხი მეწარმეებისთვის. ეს, მთავრობის თქმით, იძლევა სომხური პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში დაუბრკოლებლად ექსპორტირების შესაძლებლობას, შეამცირებს საბაჟო ხარჯებს, ასევე, ხელს შეუწყობს სომხეთში წარმოების ზრდას.

 

თუმცა როგორ, ამაზე ფრჩხილები არ იხსნება. ჩნდება მესიჯები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ამუშავდეს საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი, თუმცა თავად ქართველებს ამის შესახებ თითქოს არავინ არაფერი ჰკითხა. უფრო მეტიც, ქართული მხარე ირწმუნება, რომ ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

 

როდესაც დეპუტატები ხმას აძლევდნენ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას, ბევრმა მათგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავშირის წევრ ქვეყნებთან საერთო საზღვრების არქონის პირობებში- მაშინ, როცა სომხეთი და საქართველო სხვადასხვა საბაჟო სისტემაში აღმოჩნდებიან- რა რეალობა შეიქმნება სომხური ტვირთის ქვეყნიდან გატანის კუთხით, დღეს უცნობია.

 

ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების პირობებში ბლოკადის მარყუჟი სომხეთის გარშემო კიდევ უფრო დავიწროვდება, როგორც ჩანს, არავის აინტერესებს. ამით მტკიცდება, რომ მოსკოვის ინგერაციულ პროექტში ჩართვა სომხეთისთვის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური არჩევანია.

 

ამასთან, ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებს, რომ თუკი ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არამომგებიანი აღმოჩნდება სომხეთისთვის, “ჩვენ შეგვეძლება დავტოვოთ ეს სტრუქტურა ნებისმიერ მომენტში”. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთის ეკონომიკა პრაქტიკულად სრულად მიბმულია რუსეთთან, იზრდება რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე და ქვეყანა სრულად დამოკიდებულია რუსეთის გაზზე, ამ შესაძლებლობის დაჯერება რთულია.

 

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლით სომხეთი შესაძლოა მრავალმხრივ რისკებს შეეჯახოს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თათულ მანასერიანმა განუცხადა, კვლევითი ცენტრის “ალტერნატივას” ხელმძღვანელმა. ეკონომისტის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაქრეს ადგილობრივი წარმოების საქონელი და ის ჩაანაცვლოს იაფმა სუბსუდირებულმა საქონელმა, რომელთა იმპორტი განხორციელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუკი არ გაიზრდება სომხეთის ეკონომიკური ზრდის კონკურენტუნარიანობა.

თათულ მანასერიანი
თათულ მანასერიანი

კიდევ ერთი რისკია იმაში, რომ შესაძლოა დაჩქარდეს ემიგრაციის ტემპი, განსაკუთრებით, “ტვინის გადინება”, რადგან არსებითად “იქმნება ლეგალური პირობები ლეგალური ემიგრაციისთვის” და იმისთვის, რომ დასაქმდე ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, საკმარისი იქნება საშუალოზე მაღალი განათლების ქონა. “ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა, როგორც ეროვნული, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით,”- განაცხადა თათულ მანასერიანმა.

 

ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც ბოლო დროს სომხეთში ჩატარდა, ადასტურებს, რომ სომხეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მზადაა დატოვოს ქვეყანა უკეთესი ცხოვრების პირობების საძებნელად. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რუსეთის მიმართულებით მოხდეს, სადაც რუბლი ყოველდღიურად ეცემა და ფულადი გზავნილები ამ ქვეყნიდან სომხეთში ბოლო დროს 20%-ით შემცირდა.

 

სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა რუბენ მეგრაბიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს არათუ მომავალი, აწმყოც არ აქვს. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ სომხეთი და რუსეთის ინტეგრაციული პროექტის სხვა მონაწილე ქვეყნები მსოფლიოში განდევნილებად იქცევიან, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციები ყველა მათგანს დაარტყამს. პოლიტოლოგის აზრით, აქ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებს რუსეთის პრეზიდენტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს და რამდენად ხანგრძლივი დროით შეძლებს იგი საბაჟო კავშირის შენახვას მაშინ, როცა თვითონ რუსეთში ხალხის ყოფა გართულდა. მეგრაბიანმა საბაჟო კავშირს უწოდა “ჩემოდანი სახელურის გარეშე”.

რუბენ მეგრაბიანი
რუბენ მეგრაბიანი

რაც შეეხება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ინტერესებს, რუსეთმა უკვე მოასწრო და არ გაითვალისწინა სომხეთის ინტერესები, როდესაც ირანმა ახალი გაზსადენის მშენებლობა შეთავაზა, რომელსაც შეეძლო დაეკავშირებინა ირანი, სომხეთი, საქართველო და ევროპა, – მიიჩნევს პოლიტოლოგი. მაგრამ მეგრაბიანი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს ირანი ისევ დაუბრუნდება, როგორც კი დასავლეთი გადაწყვეტს შეასუსტოს სანქციების ზომები ამ ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან ახალი გაზსადენის დასახელებული მარშრუტი არის უფრო მარტივი, ნაკლებად ხარჯიანი ფინანსურად და პოლიტიკურად დასაბუთებული.

 

რაც უნდა იყოს, სომხეთმა არჩევანი გააკეთა. არჩევანი გაკეთებულია, მაგრამ კითხვები – დატოვებული. რთული სათქმელია, თუ რამდენად არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ფართო ფენებს – რეგულარულად და საჯაროდ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ 100-200 ადამიანი გამოდიოდა. წინააღმდეგი იყო ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებადამცველები. თუმცა ფართო მოძრაობა სომხეთის ევროინტეგრაციისთვის ვერ ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, ყველა აცნობიერებს, რომ სომხეთი რჩება გზაჯვარედინზე და რჩება იმედი, რომ მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება ხელისუფლების დაპირება, რომ გაღრმავდება ევროპასთან კავშირები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მუშაობის პარალელურად.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი