ახალი ამბები

ზურა ხაჩიძე: მიზერულ ხელფასზე დავთანხმდი

14 ივნისი, 2019 • 2174
ზურა ხაჩიძე: მიზერულ ხელფასზე დავთანხმდი

სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის (გუბერნატორი) მესამე მოადგილე,  “ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ “მიზერულ ხელფასზე დათანხმდა”.

“ ვიღაცები  ამბობენ, რომ ჩინოვნიკი, პრივილეგიები. მე არანაირი პრივილეგიები არა მაქვს. მიზერულ ხელფასზე დავთანხმდი,  ერთ კონცერტში უფრო მეტ ანაზღაურებას ვიღებდი საზღვარგარეთ გასტროლებზე. ჯერჯერობით ახალგაზრდა ვარ და შემეძლო გამეგრძელებინა სიმღერა”, – განაცხადა მან 13 ივნისს ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რატომ დათანხმდა ამ შეთავაზებას, ასე უპასუხა:

“ეს არის ჩემთვის ცხოვრების სხვა ეტაპი, ეს არის გამოწვევა, რომელიც ყოველთვის მინდოდა. ჩვენ არაერთხელ, ერთადაც ვიბრძოდით უსამართლობისთვის.  ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვიბრძოდით იმის წინააღმდეგ, ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. ჩემთვის პოლიტიკა ახალი არ არის. მე არჩევნებში მონაწილეობას ვღებულობდი ბორჯომში 2008 წელს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, თუმცა მოგებული არჩევნები გამიყალბეს. არჩევნებში 2016 წელსაც  ვმონაწილეობდი და, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე. 2012 წელსაც, თბილისში, დიდბუეში. ასე რომ, პოლიტიკა ჩემთვის უცხო არ არის და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ჩემი რეგიონი. ჩემი ლტოლვა იყო ყოველთვის, ჩემს რაიონს და რეგიონს გამოვადგე”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ თანამდებობაზე დანიშვნით ხელისუფლებამ ხომ არ დაუფასა მისი და მომღერალ ნინი ქარსელაძის მხარდაჭერა, ხაჩიძემ უპასუხა:

“თუ დაფასებაა ის, რომ ჩემს რეგიონში რამე გავაკეთო, ალბათ, დამიფასეს. მადლობა ღმერთს, რომ პოლიტიკური გუნდი მის მხარდამჭერებს უფასებს და გვერდში იყენებს და აძლევს შანსს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს.

მე ცოტა სასაცილოდ მიმაჩნია, ნინიზე თქვით, ჩემი შვილია, ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი ამაგი მაქვს.  ბუნებრივია, ოჯახი ერთ პოლიტიკურ აზრზე ვართ, ერთ პოლიტიკურ განწყობაზე ვართ. ამის ახსნას ვერ დავიწყებ. ხათუნაც იგივე განწყობით არის”.

მისი თქმით, მან თავად დაურეკა სოზარ სუბარს და შეხვდა, მისი დანიშვნის შესახებ ინფორმირებული იყო პრემიერ-მინისტრი ბახტაძე, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.

12 ივნისს გახდა ცნობილი, რომ სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის (გუბერნატორი) მესამე მოადგილედ მუსიკალური ჯგუფის, “ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი ზურა ხაჩიძე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი