ახალი ამბები

სპორტი, კულტურა და განათლება – რაზე იმუშავებს ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეოში

12 ივნისი, 2019 • 1696
სპორტი, კულტურა და განათლება – რაზე იმუშავებს ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეოში

დღეს, 12 მაისს, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მესამე მოადგილედ დაინიშნა. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები – სპორტი, კულტურა და განათლება იქნება.

“მიმართულება, რა თქმა უნდა, არ იქნება ჩემი სფეროსგან განსხვავებული, ეს იქნება რეგიონის პოპულარიზაცია, ეს იქნება კულტურული ღონისძიებები…  ეს იქნება კულტურა, სპორტი, საგანამანათლებლო მიმართულება. გარდა ამისა, მონაწილეობას მივიღებ ყველა იმ პროექტში, რომელსაც გუბერნატორი დაგეგმავს, ამასთანავე, მექნება ჩემი პროექტებიც.

უდიდესი პოტენციალი გააჩნია სამცხე-ჯავახეთს, ინფრასტრუქტურის 90% მოწესრიგებულია და გვინდა, რომ ზაფხულს ღირსეულად დავხვდეთ, ბევრი ღონისძიება ჩავატაროთ ამ რეგიონში. შესაბამისად, თუ ხელშეწყობა იქნება მთავრობისგან- და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება – ეს რეგიონი უფრო პოპულარული გახდება,“- ამბობს ნეტგაზეთთან ხაჩიძე.

ის ასევე განმარტავს, რომ ამ თანამდებობას ფინანსური ინტერესის გამო არ დათანხმებულა. ხაჩიძის თქმით, ეს მისთვის გამოწვევაა:

“მოადგილის თანამდებობა არ არის განსაკუთრებული პოზიცია… მესამე მოადგილე ვიქნები, კულტურის მიმართულება მექნება ჩაბარებული ბატონ ბესოსგან [გუბერნატორისგან]. მინდა გითხრათ, ამ სამსახურში ხელფასი 1500 ლარია და მოგეხსენებათ, ამდენი ხნის განმავლობაში ვმღერი, სხვადსხვა ქვეყნებში დავდივარ და უფრო მეტი ანაზღაურება [მაქვს ამით]. გამოწვევასავით იყო ეს, და მე მივიღე ეს გამოწვევა იმიტომ, რომ ჩემი რეგიონია და მინდა უფრო პოპულარული გახდეს. მინდა, ჩემს ქვეყანას გამოვადგე”, – გვიყვება ხაჩიძე.

მისივე თქმით, ის 2 კვირის წინ სოზარ სუბარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში შეხვდა, ხოლო 1 კვირის წინ- გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილს, რა დროსაც მან მოადგილეობის შეთავაზება მიიღო.

რაც შეეხება ხაჩიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას,  სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ქდმ-სთან, პატრიოტთა ალიანსთან. ბოლოს მონაწილეობდა ლადო კახაძის მხარდამჭერ კამპანიაში.

გარეკანი ფოტო: ზურა ხაჩიძის ფეისბუკ გვერდი 

მასალების გადაბეჭდვის წესი