ახალი ამბებიკომენტარი

რატომ სთხოვენ ქალ მაშველებს სექსუალურობას და სიშიშვლეს

13 ივნისი, 2019 • 8780
რატომ სთხოვენ ქალ მაშველებს სექსუალურობას და სიშიშვლეს

წელს პირველად, ზღვის სანაპიროზე ქალი მაშველებიც იმუშავებენ.  ზღვის სანაპიროზე ტურისტული სეზონის განმავლობაში დასაქმებული 20 ქალი მაშველი იქნება. მათი დიდი ნაწილი სტუდენტია.

ქალი მაშველების გამოჩენას საზოგადოების გარკვეული ნაწილი სექსისტური კომენტარებით გამოეხმაურა ფეისბუკში. იყო დამცინავი კომენტარები მაშველი გოგონების  გარეგნობაზე, ტანსაცმელზე, მიუხედავად იმისა, რომ იგივე უნიფორმას ატარებენ კაცი მაშველები უკვე წლებია.

„ასეთს არ ველოდი“, „ქალმა როგორ უნდა დამიცვას“, „ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ კარგი“ და მსგავსი შინაარსის კომენტარები.

რა განაპირობებს ქალების მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებას და რატომ მოეთხოვება ქალს ყველა პოზიციაზე არა პროფესიონალიზმი, არამედ სექსუალურობა?!

ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენელი, ქალთა უფლებადამცველი იდა ბახტურიძე  ამბობს, რომ მაშველი გოგონების მისამართით  სოციალურ ქსელში დაწერილმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქალების სხეულის და საერთოდ გარეგნობის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება არსებობს და ქალი ყველა სიტუაციაში რაღაც ატრიბუტია.

„მაშველი თავისი არსით და შინაარსით არის ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა გადაარჩინოს. ამ ადამიანების გარეგნობა საერთოდ მეასეხარისხოვანიც არ არის ამ ყველაფერში, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ პროფესიებს „სქესი აქვთ“ ხოლმე და რაღაც სტანდარტს უწესებენ, იგივე მიმტან გოგონებს, წამყვანებს, თანაშემწეებს და ა.შ ამ პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს ქალი მაშველიც“, – გვეუბნება იდა ბახტურიძე.

მისი შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება არის დამცირება, ადამიანების დისკრიმინაცია, როდესაც სქესის ნიშნით იწყება მათი პროფესიონალიზმის შეფასება.

„მე ვნახე კომენტარები, სადაც ამბობენ, რომ „ქალმა როგორ უნდა დამიცვას“, რადგან იმთავითვე ქალი სუსტ სქესად არის მოაზრებული და ვიღაცების სტანდარტებით ქალი მაშველები ვერ ჩაჯდნენ „მშვენიერ სქესში“  და მათივე ჭკუით, ვერც იმ სტანდარტში, რომ მაშველ ქალს თურმე შეუძლია სხვა დაიცვას.

ყველაფერი დადის სექსუალურ მომხმარებლობამდე, ყველა კომენტარში ჩანს სტერეოტიპებით ნასაზრდოები მიზოგინიური, სექსისტური ფანტაზიები,  რაც ქალებთან დაკავშირებით არსებობს“.

ქალებსა და კაც მაშველებს ერთნაირი უნიფორმა აქვთ, თუმცა კაცი მაშველების შემთხვევაში ამ ჩაცმულობას არ გამოუწვევია კრიტიკა.  ქალების შემთხვევაში კი წერენ, რომ „მათი შორტები სამარცხვინოა“, რომ ისინი ქალ მაშველებს „ბიკინებში“ ელოდნენ. „ისეთები არ არიან როგორც ფილმებში? მართლა გგონიათ რომ ამერიკის სანაპიროებზე ასეთი დახატული გოგონები მუშაობენ?“ – წერს ერთ-ერთი, იმ კომენტარის ქვეშ, რომელიც მაშველი გოგონების ჩასაცმელს იწუნებს, საჩვენებლად კი ამერიკული სერიალის კადრები აქვს გამოყენებული.

იდა ბახტურიძის თქმით, სტერეოტიპებთან ბრძოლა სწორედ იმიტომ არის რთული, რომ ისკვებება არა მარტო კინოდან, არამედ ყველა სფეროდან: „წიგნებიდან, ფილმებიდან, ლიტერატურიდან, ყველაფრიდან შემოდის ქალის სტერეოტიპული სახე და ხატი. ამიტომაც  გარკვეული ადამიანების წარმოდგენაში პამელა ანდერსონია ქალი მაშველის სახე. ზოგადად, ეს ხელოვნურად დაწესებული სტანდარტები ამძიმებს ქალებსაც და კაცებსაც, რადგან კაცს შეიძლება უფრო მიეტევება არასექსუალურობა, ვიდრე ქალს, მაგრამ საზოგადოებას კაცის მიმართაც აქვს გარკვეული სტერეოტიპები, რომელზე მორგებაც არ არის მარტივი“.

იდა ბახტურიძის აზრით, თუკი იმ სივრცეში ქალები უფრო აქტიურად გამოჩნდებიან, სადაც კაცები არიან დომინანტური, მსგავსი მომხმარებლური დამოკიდებულება ნელ-ნელა შესუსტდება.

„ჩვენს რეალობაში ქალი მაშველი პირველი შემთხვევა და პირველი ცინიკური, აგრესიული ტალღა ამ გოგონებზე გადავიდა. ასეთი რეაქცია იყო პატრულ ქალებზე, სამხედრო ქალებზე რომლებსაც ასევე სთხოვდა საზოგადოება სექსუალურობას.

იმედია, გამოჩნდება საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ამ ყველაფრს დაგმობს. ასეთ მდაბიო ტიპის ხუმრობებზე არც უნდა გაგვეცინოს, რადგან 21 საუკუნეში ამ ტიპის დამოკიდებულებები აღარ არის ის ღირებულება, რომლითაც უნდა იამაყო“, – ამბობს იდა ბახტურიძე.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/451068508959900/

მასალების გადაბეჭდვის წესი