ახალი ამბები

სახელმწიფოს ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის დაზღვევა არ სურს, კონსორციუმი დახმარებას ევროკავშირისგან ელის

22 მაისი, 2019 • 2061
სახელმწიფოს ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის დაზღვევა არ სურს, კონსორციუმი დახმარებას ევროკავშირისგან ელის

სახელმწიფო ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის კომერციულ რისკების დაზღვევას არ აპირებს და დაზღვევისთვის საჭირო თანხა, შესაძლოა, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდიდან მოიძიონ.

ეს ის ორი ძირითადი საკითხია, რაც 12 მაისს  მთავრობის, ანაკლიის კონსორციუმისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), OPIC-ის (კერძო საინვესტიციო კორპორაცია), ADB-ის (აზიის განვითარების ბანკი), AIIB-ის ( აზიის ინფრსტრუქტურის საინვესტიციო ბანკი) წარმომადგენლებს შორის შეხვედრების შემდეგ გახდა ცნობილი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. ამასთან, გადაიწევს ე.წ ფინანური დახურვის ვადაც, რაც პორტის მშენებლობითვის საჭირო ფინანსების მოძიებას გულისხმობს. კონსორციუმს მთავრობამ ფინანსური დახურვისთვის 15 ივნისი განუსაზღვრა, თუმცა, რა ახალი ვადა მიეცემა კონსორციუმს 400 მლნ აშშ დოლარის მოსაძიებლად, ჯერ უცნობია.

“15 ივნისი ჩვენთვის პრინციპული არ არის, შესაბამისად, ვადას კიდევ გადავწევთ. ტვირთბრუნვის რისკები სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეული ვერ იქნება, აქედან გამომდინარე, ბანკებმა და კონსორციუმმა უნდა მოძებნონ სხვა საშუალებები, რათა კომერციული რისკები დააზღვიონ.  მათ [კონსორციუმმა და ბანკებმა] ერთად უნდა მოძებნონ გამოსავალი,” – ასეთია მაია ცქიტიშვილის პოზიცია.

სახელმწიფოსთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, ე.წ ფინანსური დახურვა 2018 წლის იანვარში უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ პერიოდში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ მოახერხა სესხის მიღება და ვადამ ივნისამდე გადაიწია.

რისკების დაზღვევის ერთ-ერთ მექანიზმად ევროკავშირის მიერ შექმნილ ფონდს ასახელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდი – ასე ჰქვია ფონდს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფუძნებული. ამ პროცესში მათი ჩართულობაც შეიძლება. ვფიქრობ, მთავრობასაც მოუწევს გარკვეული ჩართულობა, ბანკებიც, ალბათ, წავლენ დათმობაზე, ისევე როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. რაც შეხება ფონდს, დღეს არსებობს გარკვეული მონახაზი, რაზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მათთან შეთანხმება სავსებით შესაძლებელია. ევროკავშირს ექნება საკუთარი მოთხოვნები და როგორც კი მათი მოთხოვნები დაზუსტდება, მაშინვე გაგრძელდება მოლაპარაკება მთავრობის, ბანკებისა და კონსორციუმის მონაწილეობით,” – ამბობს ახვლედიანი.

ნეტგაზეთი შეეცადა, პორტის მშენებელი კონსორციუმისგან ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე უფრო მეტი გაეგო. როგორც კონსორციუმში გვითხრეს, მოლაპარაკება მიდის ევროკავშირის ფონდთან, რომელიც  მსგავს პროექტებს აფინანსებს:

“მოლაპარაკებები დაწყებულია და კონსორციუმი ამზადებს ალტერნატიულ შეთავაზებას, რომელიც ასევე მთავრობის მონაწილეობას მოითხოვს და უახლოეს პერიოდში წარედგინება მთავრობას”.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც ბანკებთან მოლაპარაკებებში მთავრობას წარმოადგენს, ადასტურებენ, რომ ევროკავშირის ფონდთან მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობა ჩართული იქნება, თუმცა ტვირთბრუნვის დაზღვევის ნაწილში არანაირ მონაწილეობას არ აპირებენ,  ხოლო თუ კონსორციუმი შეძლებს მოიძიოს ვინმე, ვინც ტვირთებს დააზღვევს, ამას სახელმწიფო მხოლოდ მიესალმება.

“2016 წელს, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, სახელმწიფოს ჰქონდა სურვილი, შემოსულიყო კომპანია, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა პორტის კომერციულ ოპერატორობასა და ტვირთების მოზიდვას”,  – უთხრა ინფრასტურქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს.

კაცია განმარტავს, რომ სახელმწიფო არ აპირებს, ბიუჯეტისა და თითოეული მოქალაქის ხარჯზე აიღოს ტვირთებზე პასუხისმგებლობა.

“ინვესტორებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ სესხი მოეზიდათ. სესხის მოსაზიდად მათ ფინანსური ინსტიტუტები უნდა დაერწმუნებინათ [პორტის კომერციულად მომგებიანობაში]. ამ მოლაპარაკებებში ჩავერთეთ, რათა კერძო სექტორთან ერთად დავარწმუნოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომ ეს პროექტი შედგეს და ანაკლიის პორტის დაფინანსებას საფრთხეს არ შეექმნას. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს სურთ თავიანთი რისკები მაქსიმალურად დაცული იყოს. შესაბამისად, ითხოვენ გარანტიას, რომელსაც ჩვენ არცერთ დარგში არ გავცემთ,” – ამბობს კაცია.

იგივე პოზიციაზეა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც:

“თუ მთლიანად ამ პროექტის მნიშვნელოვანი რისკის სახელმწიფოზე გადმოტანა მოხდა, მაშინ კომერციული კომპონენტი სად არის?!” – კითხულობს მაჭავარიანი.

ანაკლიის პორტი PPP პროექტია, რაც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას ნიშნავს. სახელმწიფოსთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით პორტი 50 წლის შემდეგ, სრულად სახელმწიფოს გადაეცემა.

“ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, გეოსტრატეგიული პროექტი, რომელიც, ცხადია, გამართულია კომერციულადაც, რადგან ეს არის კერძო-საჯარო თანამშრომლობის პროექტი. ბუნებრივია, ბანკები, რომლებიც ასეთი დიდი ფინანსური ინვესტიციისთვის დაზღვევას მთავრობისგან ითხოვენ, ამაში არაფერია გასაკვირი. ეს ჩვეულებრივი პროცესია და ეს არ ნიშნავს, რომ რამე კომერციული რისკი არსებობს, ტვირთბრუნვა იზრდება, ჩვენი დერეფანი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ღრმაწლოვანი პორტი- უფრო და უფრო საჭირო,” -უთხრეს ნეტგაზეთს კონსორციუმში.

2019 მარტში კონსორციუმის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ ფიჩხიამ ნეტგაზეთთან საუბრისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტები რისკების დაზღვევას ითხოვენ. როგორც ფიჩხია ამბობს არასაკმარისი ტვირთბრუნვის შემთხვევაში, ამ ოთხმა ბანკმა სესხის მომსახურება მაინც უნდა შეძლოს, შესაბამისად, ისინი  საკუთარი რისკების დაზღვევას ითხოვენ.

“როგორც ეს ბანკები ამბობენ და მათ მთელ მსოფლიოში ასეთი პროექტების დაფინანსების გამოცდილება აქვთ, ტვირთბრუნვის რისკს თავის თავზე არ იღებენ ბანკები, რადგან მათ და პორტის აქციონერებს ტვირთბრუნვაზე გავლენა არ აქვთ.

ანაკლიის პორტის მშენებლობისა და განვითარების ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს, თუმცა ორჯერ გადავადებული ფინანსური დახურვის პირობებში რამდენად შესაძლებელია 2020 წლიდან პორტმა ოპერირება დაიწყოს, ჯერ უცნობია. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სესხის დროულად მიიღონ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine იქნება, რომელთანაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. ხელშეკრულებით კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი