“2014 წლის ივნისის თვეში მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის მიერ წინასწარ გამოცხადებული იქნა, რომ მათი მოწვევის ბოლო თვეში საკრებულოს წევრებზე პრემია გაიცემოდა თანამდებობრივი სარგოს 300%-ის ოდენობით, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე 200%-ის ოდენობით. 2013 წლის ივნისის თვის დაგეგმილ პრემიებზე საზოგადოების მწვავე რეაქციის გადასაფარად, ბიუროს სხდომაზე მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 300%-იანი პრემიიდან 100% უნდა მოხმარდებოდა ქველმოქმედებას. თუმცა, როგორც თბილისის საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, თბილისის საკრებულოს წევრებზე თანამდებობრივი სარგოს 300% ოდენობით პრემიის გაცემას ერთჯერადი სახე არ ჰქონია და ირაკლი შიხიაშვილის მიერ აღნიშნული ოდენობის პრემიების გაცემის გამოცხადების პერიოდისათვის მას უკვე სისტემატური სახე ჰქონდა მიღებული განვლილ თვეებში”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ივნისის თვის გარდა საკრებულოს წევრებზე თანამდებობრივი სარგოს 300%-ის ოდენობის პრემია გაიცა 2014 წლის მარტის და აპრილის თვეში. 2013 წლის ნოემბრიდან – 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით (8 თვე) საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 54 516 ლარი, გიორგი მუსხელიშვილს – 45 430 ლარი, გიორგი ტყემალაძეს და ჯაბა სამუშიას – თითოეულს 43 890 ლარი. სხვა საკრებულოს წევრების მიერ მიღებული პრემიების ოდენობა უმრავლეს შემთხვევაში არ ჩამოუვარდება 40 000 ლარს
IDFI -ის ინფორმაციით, 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 6 959 000 ლარი, საიდანაც 2014 წლის საწყისი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიებზე ათვისებულია 3 487 270 ლარი.
“თუ შევადარებთ განვლილი წლების მონაცემებს, ვნახავთ, რომ, მაგალითად, 2012 წელს მთლიანად თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა (3 664 000 ლარი) , რაც 2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიებზე (3 487 270 ლარი)”.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2014 წლის ივნისის თვის შემდგომ ახალი საკრებულოს მოწვევის პირობებში საკრებულოს წევრებზე პრემიები აღარ გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომელთა წახალისების პრაქტიკაც მნიშვნელოვნად შემცირებულია (2014 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 271 390 ლარი), მიუხედავად ამისა, 2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში არაგეგმიურად გაცემული მაღალი ოდენობის პრემიებმა გამოიწვია თბილისის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა – 2014 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურების გეგმამ უკვე შეადგინა 8 338 000 ლარი. მსგავსი მდგომარეობა თბილისის საკრებულოში შეიქმნა აგრეთვე 2013 წელს. 2013 წლის ბიუჯეტის გეგმით აპრილის თვის მდგომარეობით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 4 585 500 ლარი, თუმცა 2013 წელს შრომის ანაზღაურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 6 377 400 ლარი, რაც ორგანიზაციის განცხადებით, უმეტესწილად განპირობებულია 2013 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში გაცემული მაღალი პრემიებით.