ახალი ამბები

HBO-ს სერიალის შემდეგ ჩერნობილში ვიზიტორთა რიცხვი 30%-ით გაიზარდა

12 ივნისი, 2019 • 2001
HBO-ს სერიალის შემდეგ ჩერნობილში ვიზიტორთა რიცხვი 30%-ით გაიზარდა

HBO-ს სერიალის გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურისტთა ნაკადმა იმატა. უკრაინაში არსებული ტურისტული სააგენტოები ამბობენ, რომ პოპულარული მინისერიალის გამოსვლის შემდეგ ვიზიტორთა რიცხვი, რომლებსაც მიტოვებული ქალაქის, პრიპიატის დათვალიერება უნდათ, სულ მცირე, 30%-ით გაიზარდა.

Reuters უკრაინულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილში ინგლისურენოვანი ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 100 აშშ დოლარი ღირს. მათივე ინფორმაციით, ტურისტებს იზიდავთ ის პოსტაპოკალიპტური გარემო, რომელსაც პრიპიატში მიტოვებული სახლები, ატრაქციონები თუ სხვა შენობები ქმნიან.

ჩერნობილი ახლა. ფოტო: EPA/SERGEY DOLZHENKO

ერთ-ერთი სააგენტო, რომელიც ამბობს, რომ მაისში ტურისტთა ოდენობამ 30%-ით იმატა, SoloEast-ია. Reuters-ს მან უთხრა, რომ წინა წელთან შედარებით, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ქალაქის მოსანახულებლად დაჯავშნილი ადგილები 40%-თაა გაზრდილი.

კიდევ ერთი სააგენტო Chernobyl Tour ამბობს, რომ სერიალის გამოსვლის შემდეგ ტურისტთა რაოდენობამ მათთანაც 30-40%-ით იმატა.

ვიზიტორები, სააგენტოების დახმარებით, თითქმის ყოველდღე მგზავრობენ კიევიდან ჩერნობილში, რომელიც დედაქალაქიდან დაახლოებით 120 კმ-თაა დაშორებული. ამჟამად ეს რეაქტორი მეტალის გუმბათითაა დაფარული და, შესაბამისად, მნახველთათვის უსაფრთხოა.

მე-4 რეაქტორი. ფოტო: EPA-EFE/STEPAN FRANKO

“ბევრი ადამიანი ჩამოდის აქ და გვეკითხება სერიალისა და აქ მომხდარი მოვლენების შესახებ. ხალხი სულ უფრო და უფრო ცნობისმოყვარე ხდება.

რაც შეეხება გამოსხივებას, ჩერნობილში ყოფნისას ადამიანი დაახლოებით 2 მიკროზივერტს [ გამოსხივების დოზის გაზომვის ერთეული] ღებულბს. ეს დოზა დაახლოებით იგივეა, რაც ადამიანმა საკუთარ სახლში ყოფნისას 24 საათის განმავლობაში შეიძლება მიიღოს“, – ამბობს Reuter-თან გიდი ვიქტორია ბოჟკო.

ჩერნობილი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი