ახალი ამბები

ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან “ოქროს სიაზე” მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვენ

12 ივნისი, 2019 • 1076
ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან “ოქროს სიაზე” მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვენ

10 ბიზნესგაერთიანება ერთობლივი წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრს 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული ბრძანების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, უქმდება ე.წ ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები. ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან მოითხივენ განმარტოს:

  • ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია;
  • რა ფისკალურ ეფექტს ელოდება სამინისტრო მათი ძალაში შესვლის შემდეგ;
  • რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება.

“ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული თქვენი ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რითაც გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები იმ
კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. კერძოდ, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება:

  • „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე;
  • წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად
    ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა)
  •  დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით
    გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა),”-წერია ერთობლივ მიმართვაში.

მიმართვას ხელს შემდეგი ბიზნესგაერთიანებები აწერენ:

  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  •  დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია
  • ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
  • ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  • ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ე.წ ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. აქამდე იმპორტის გადასახდელებს ბიზნესი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღეში იხდიდა, გარდა ე.წ ოქროს სიის წევრებისა. ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ დღეს, 12 ივნისს ამოქმედდა, ხოლო სხვა შემთხვევაში- 2 ივლისს ამოქმედდება.

რატომ ითხოვენ კომპანიები “ოქროს სიაზე” მაჭავარიანის გადაწყვეტილების ამოქმედების გადავადებას

მასალების გადაბეჭდვის წესი