ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი ვაჭრობისა და საქართველოზე ზეწოლის საგნად დარჩება

1 დეკემბერი, 2014 • • 1110
აფხაზეთი ვაჭრობისა და საქართველოზე ზეწოლის საგნად დარჩება

თავად აფხაზეთში, შეთანხმების ხელმოწერის “მოწინააღმდეგეების” მიტინგზე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პარტია “ამცახარამ” ჩაატარა ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ცოტა ვინმეს თუ შეეძლო დოკუმენტისადმი პრეტენზიების ფორმულირება. უფრო მეტად ბუნდოვანი შიშები გამოითქმოდა, ვიდრე მკაფიო დასკვნები შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზე. და საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ “პროტესტანტების” მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდაც არ იყო ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე (უფრო მეტიც, ისინი თავადაც მოაწერდნენ ხელს შეთანხმებას, ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ). პრობლემა იმაშია, რომ არავინ იცის, სინამდვილეში ეს დოკუმენტი როგორ მოუბრუნდება უკან აფხაზეთს.

 

რუსული მხარე დიდად არ მალავდა, რომ ამ შეთანხმების ადრესატი საქართველო და დასავლეთი იყო. ახალ შეთანხმებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არაერთხელ უწოდეს პასუხი ინტეგრაციულ პროცესებზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს, კერძოდ, საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. თუმცა შეთანხმება აფხაზეთთან (რომელიც საფუძველშივე მოიცავს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთთანაც) ნაკლებად ჰგავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეთანხმება არც ისე კონკრეტული გამოვიდა, ბუნდოვანი ფორმულირებებით “საერთო სივრცეების” შესახებ და დიდი რაოდენობით ბმულებით შემდგომ, დამატებით ხელშეკრულებებზე. ანუ – თუკი თბილისმა ზუსტად იცოდა, რას “აწერდა ხელს” (ევროკავშირთან შეთანხმებაში ყველა წვრილმანია გაწერილი), სოხუმზე ამას ვერ იტყვი. ბუნდოვანება იყო პროექტის საწყის ვარიანტში, რომელიც მოსკოვიდან გამოიგზავნა და დარჩა შეთანხმების აფხაზურ რედაქციაშიც, რომელიც დაედო საფუძვლად სოჭში, ბოჩაროვის ნაკადულში (რუსეთის საპრეზიდენტო რეზიდენცია) ხელმოწერილ დოკუმენტს.

ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა, სოჭი, 24.11.2014; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, 24.11.14
ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა, სოჭი, 24.11.2014; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ამაშია მთავარი პრობლემა – ვლადიმერ პუტინს შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმების ნებისმიერ ვარიანტს, გნებავთ კრემლისეულ პირველად ვარიანტს, გნებავთ აფხაზების მიერ შესწორებულ ვერსიას. რუსეთის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა დოკუმენტის ტექსტი, არამედ ის, თუ ვინ და როგორ მოახდენს მის ინტერპრეტირებას, როგორი ხელშეკრულებები გაფორმდება შემდეგში. ეჭვგარეშეა, რომ ინტერპრეტატორი და მოკარნახე რუსეთი იქნება. ახლი მთავარი კითხვაა – როგორ გააკეთებს ის ამას?

 

აფხაზი ექსპერტები მანტრასავით იმეორებენ, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის მის შემადგენლობაში შეყვანას; რომ რუსეთისთვის მომგებიანია “დამოუკიდებელი პარტნიორი კავკასიაში”. რუსეთი ფორმალურად, ალბათ, მართლაც არ მიიერთებს აფხაზეთს, თუმცა ეს შეიძლება დე ფაქტო მოხდეს. რა სტრუქტურად გადაიქცევა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება მშვიდობის დროს და რა უფლებამოსილება მიენიჭება რეალურად შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს, თუკი მთლიანი დაფინანსება მოსკოვიდან მოდის? და აფხაზეთის პარლამენტიც – შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, ხომ არ გადაიქცევა რუსეთის ფედერაციის სუბიექტის რეგიონული პარლამენტის მსგავს ორგანოდ, რომელიც მორჩილად იღებს კანონებს, ფედერალურ კანონმდებლობაში ცვლილებების შესაბამისად? ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენ მალე გავიგებთ.

 

რუსეთი რომ ფორმალურად არ მიიერთებს აფხაზეთს (და სამხრეთ ოსეთს), ამის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ორივე რესპუბლიკა რჩება საქართველოზე ზეწოლის იარაღად. კრემლმა მშვენივრად იცის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხები დიდ გავლენას ახდენს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. სანამ მოსკოვს არ შეუერთებია ეს რესპუბლიკები, თბილისს რჩება მოლაპარაკების იმედი, მიერთება კი ნებისმიერი ვაჭრობის დასრულების ნიშანი იქნებოდა.

 

სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ძალიან გამაკვირვა ზოგიერთი ქართველი ექსპერტისა და პოლიტიკოსის მოწოდებამ, რომ რუსეთის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების გაფორმების საკითხი მიებას ყირიმის საკითხს; რომ თითქოს დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა იყოს არა მხოლოდ ყირიმის, არამედ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების” გამო. არ მგონია, რომ ასეთი კავშირი მომგებიანი იყოს საქართველოსთვის. რუსეთი აშკარაა, რომ არ აპირებს ყირიმის დათმობას, მან ამიტომაც მიიერთა ეს ნახევარკუნძული, რომ აჩვენოს – ამ საკითხზე ვაჭრობა არ იქნება. სანქციები ამაზე გავლენას ვერ მოახდენს, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაც კი ამას ვერ შეცვლის, თუ გავითვალისწინებთ ისეთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორიცაა ხოდორკოვსკი და ნავალნი. მაშინ უღირს კი საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხის მიბმა ყირიმზე, რომლიც ასე ცალსახად ჩიხური საკითხია? – კითხვა რიტორიკულია.

 

სხვათა შორის, ის აფხაზებიც, რომლებიც ემხრობიან რესპუბლიკის რუსეთთან შეერთებას (ასეთებიც არიან), ამავე ლოგიკით ხელმძღვანელობენ. დამოუკიდებლად, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე აფხაზეთი ვერ გადარჩება. რა იქნება, თუკი ხვალ კრემლი მოელაპარაკება თბილისს?! თუკი აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება, მაშინ ის აღარასდროს იქნება საქართველოსთან მოლაპარაკების საგანი.

თუმცა, ყველაფრიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ეს ვარიანტი რუსეთისთვის არამომგებიანია. შედეგად, რუსეთთან შეთანხმების გაფორმებით, აფხაზეთი შესაძლოა დაკარგავს თავის, ისედაც ძალიან ფარდობითი დამოუკიდებლობის არსებით ნაწილს, მაგრამ ამავე დროს, დარჩება ვაჭრობისა და საქართველოზე ზეწოლის საგნად.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი