ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ვეტოს დაძლევა პარლამენტარიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია

2 დეკემბერი, 2014 • • 860
ღარიბაშვილი: ვეტოს დაძლევა პარლამენტარიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია

პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში წინ გადადაგმული ნაბიჯია.

 

„ორი დღის წინ მოხდა უპრეცედენტო რამ, საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა,  მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. ეს იყო კარგი დემონსტრირება იმის, რომ დღეს საქართველოში არის სრული დემოკრატია, რაც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და საპარლამენტო უმრავლესობის წვლილი. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც კოალიციის თავმჯდომარემ, მთელ საპარლამენტო უმრავლესობას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კანონის პროექტს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მესამე მოსმენა დღეს გაიმართა, მხარი 73–მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 30 იყო.

 

კანონპროექტი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სახელითაა ცნობილი, რადგან იმავე საკითხზე სხვა კანონპროექტი ვახტანგ ხმალაძემ შეიტანა, რომელიც პირველ მოსმენაზე ჩააგდეს.  ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროქტს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება, მხარს არ უჭერენ საპარლამნეტო ოპოზიცია და არასამთავრობოები.

 

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი

ხმალაძის განცხადებით, მისი კანონპროექტი გულისხმობდა იმას, რომ შავი ყუთი განთავსდეს კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც პროკურორის დადგენილებითა და მოსამართლის განჩინებით პოლიციას ფარული მიყურადების შესაძლებლობას მისცემს.

 

ფოფხაძის თქმით, მათი კანონპროექტი კი გულისმხობს იმას, რომ შავ ყუთზე პირდაპირი წვდომა უნარჩუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყება ფარული მიყურადების განხორციელებას ვერ დაიწყებს, თუ სისტემაში მეორე სუბიექტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ელექტრონული ბრძანებაც არ აისახება. ანუ, იმისათვის, რომ ფარული მიყურადება განხორციელდეს, ორმა სუბიექტმა, შსს-მ და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ერთად უნდა განახორციელონ ავტორიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი