მისი წევრები (კანონის მიხედვით) აქტიურად  უნდა მონაწილეობდნენ სასკოლო ცხოვრებაში, პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაზე ზრუნვაში.  თუმცა, მიუხედავად მათთვის კარგად გაწერილი უფლება-მოვალეობებისა, სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ. ამის გამომწვევ არაერთ მიზეზს შორის  მოსწავლეთა მოტივაციის დაბალი დონე, არაინფორმირებულობა, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების, დამოუკიდებლად აზროვნებისა თუ მოქმედების გამოცდილების არქონაა.

 

განათლების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალს არაფორმალური განათლების კომპონენტის დანერგვაში  ხედავენ. სწორედ ამ მიმართულებით, უკვე მეორე წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი – ქართლოსის“ და პოლონური „სამოქალაქო განათლების ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში პროექტი „დებატების სკოლა“ ხორციელდება. პროექტის მიზანი სკოლებში დემოკრატიის ხელშეწყობა, მოსწავლეებში კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, დებატების კულტურის დანერგვა, თვითმმართველობების გაძლიერება და პოლონური გამოცდილების გაზიარებაა.  პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი პოლონეთიდან, ექსპერტი მიხავ ტრაგაჟი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პოლონეთში სასკოლო თვითმმართველობები შედარებით ეფექტურად მუშაობენ და ჩართულნი არიან საკუთარი საგანმანათლებლო სივრცისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში: „უკვე ოთხი წელია პოლონეთში სამოქალაქო განათლების ცენტრი მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად დებატებს იყენებს. ჩვენი აზრით, ეს საუკეთესო მოდელია მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და აქედან გამომდინარე, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. სხვადასხვაა თემა, რომლებზეც მოსწავლეები მუშაობენ, რადგან პოლონეთს და საქართველოს განსხვავებული საჯარო სკოლებში მდგომარეობა აქვთ. საქართველოს სკოლებში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაკეთდა,  იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთში ამ მხრივ ბოლო 15 წლის განმავლობაში დიდი ინვესტიცია ჩაიდო, მოსწავლეები სხვა თემებზე მსჯელობენ, ესენია დამატებითი კულტურულ აქტივობების ორგანიზება, სოციალური პროექტები, სკოლის ბიუჯეტი, შეფასების სისტემები და სხვა“.

 

პირველ ეტაპზე (2013 წელს) პროექტში  ექვსი საჯარო სკოლა იყო ჩართული, მიმდინარე წლიდან კი მასშტაბები გაიზარდა. 2014 წლის ივნისში კონკურსის წესით შეირჩა და გადამზადდა თექვსმეტი ტრენერი. ისინი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთში, სადაც შესაბამისი ტრენინგების მოსმენის გარდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას ეწვივნენ, სკოლებთან  მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაესწრნენ დებატებს ვარშავის დემოკრატიის სკოლაში და სხვა. უკვე სექტემბრიდან მათ დებატების ხელოვნება და მისი საშუალებით პრობლემების გამოვლენა-მოგვარების შესაძლებლობები საქართველოს ოთხი რეგიონის (მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი) მოსწავლეებს თექვსმეტ საჯარო სკოლაში გააცნეს.

 

საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორი და ერთ-ერთი ტრენერი ივეტა გოგავა მიიჩნევს, რომ პროექტმა მიშვნელოვნად შეცვალა მოსწავლეები: „ჩვენს მიერ ჩატარებულმა ტრენინგებმა და სამუშაო შეხვედრებმა უფრო გაააქტიურა მოსწავლეები, მათ ისწავლეს სკოლის პრობლემების დიაგნოზირება, შეძლეს დაინტერესებული მხარეების, თანამოაზრეების მობილიზება და ჩართეს მოგვარების პროცესში, გაიაზრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თავად იზრუნონ იმ სივრცის გაუმჯობესებაზე, სადაც დღის უდიდეს ნაწილს ატარებენ“.

 

ვარიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მეგრელიშვილიც პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდასა და სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებას მიიჩნევს: „მოსწავლეებმა შეისწავლეს   დებატების სხვადასხვა მეთოდი და სკოლის  საჭიროებებიდან გამომდინარე თემებზე დებატების ორგანიზება  თავად დაიწყეს. საწყის ეტაპზე მოსწავლეები შიშობდნენ, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ დებატების ორგანიზებას, მაგრამ სასკოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მოტივაცია იმდენად მაღალი იყო, რომ  შიშის დაძლევა შეძლეს. პედაგოგების და ტუტორების მხარდაჭერით გამართეს არაერთი დებატი, სადაც მოიწვიეს სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი აზრი, ერთად განეხილათ სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები და მოგვარების გზებზე ემსჯელათ. დებატების შემდეგ მოსწავლეები საუბრობდნენ იმ კომპეტენციებზე, რაც უშუალოდ მიიღეს და გაიუმჯობესეს“.  

 

დუშეთის I საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიკა შარაშიძე და ანი ელიაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მსგავსი პროექტების განხორციელებას: „დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება მივიღეთ – უფრო დავუახლოვდი ჩვენს თანასკოლელებს; ვისწავლეთ, როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სათქმელი და გამოვთქვათ თავისუფლად, გავიაზრეთ, რომ აუდიტორიის წინაშე წარდგომის დროს ნერვიულობა არაფერს გვარგებს და დავრწმუნდით, რომ ჩვენც შეგვიძლია სკოლის ცხოვრებაში მცირე წვლილის შეტანა. ვფიქრობთ,  მსგავსი პროექტები სკოლაში ხშირად უნდა ჩატარდეს, რომ სკოლის მოსწავლეები თანაბრად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში“.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო სკოლებში დემოკრატიულ მმართველობას, გარკვეულწილად, არასათანადოდ ფუნქციონირებადი თვითმმართველობებიც აფერხებს, რაც პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირების კვლევისას გამოიკვეთა. „მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს სკოლებში – როგორი უნდა იყოს და როგორი არის“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ქეთევან მაღრაძემ შეიმუშავა. მასში ავტორი მიმოიხილავს როგორც ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე დაინტერესებულ მხარეებს აწვდის რეკომენდაციებს: „დღეისთვის მოსწავლეთა თვითმმართველობა მასზე დაკისრებულ ყველა ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებს, თუმცა მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოც სახეზეა, მოსწავლეთა მხრიდან არის მზაობა იმისა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში და  საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა აიღონ. კვლევის შედეგები ადასტურებს ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მეტი ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს საერთო თვითშეგნების ამაღლებაზე, მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა და სკოლის თემისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რას გულისხმობს რეალურად დემოკრატიული სკოლა. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც მიუთითებს სკოლის დემოკრატიული მართვის დადებით შედეგებზე“.

 

პროექტის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და პრობლემების მოგვარებისთვის დებატების ტექნიკების გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  სწორედ ამ საკითხების შესახებ, პოლონურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა და გამოიცა პუბლიკაცია სახელწოდებით „დებატები სკოლაში“, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეთათვის(პუბლიკაცია ვრცელდება ნაბეჭდი სახით, ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტში  მოსწავლეებისთვის და მასწავლებელისთვის  ).

როგორც პროექტის კოორდინატორმა ივეტა გოგავამ აღნიშნა, მოსწავლეებმა პრობლემების დიაგნოზირება და მოგვარებაზე ზრუნვა თავად დაიწყეს. თითოეულ სკოლაში ჩატარდა კვლევები, გამოიკვეთა ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და მის შესახებ გაიმართა დებატები. სკოლებში არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ძირითადად გამოიკვეთა გაუმართავი ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებები – სპორტული დარბაზის არარსებობა, დაზიანებული ინტერიერი, არასაკმარისი სასკოლო ინვენტარი და სხვა.

ექვსთვიანი მუშაობის შედეგები პროექტის მონაწილეებმა მასწავლებელთა სახლში, დასკვნით კონფერენციაზე წარადგინეს. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ტრენერებმა ერთმანეთს  მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ნაბიჯები დასახეს.

საზოგადოებრივი კავშირი „მეგობრობის ხიდი – ქართლოსის“ და პოლონური სამოქალაქო განათლების ცენტრის წარმომადგენლები გეგმავენ, რომ დებატების კულტურის სწავლებით, საქართველოს საჯარო სკოლებში დემოკრატიულ მმართველობას მომავალ წლებშიც  შეუწყობენ ხელს. „მომავალ წლებში ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, დანერგონ უფრო მეტად მოსწავლის ჩართულობაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები“ – აღნიშნა მიხავ ტრაგაჟმა.

პროექტი „დებატების სკოლა“ დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

ვარიანის სკოლა
ვარიანის სკოლა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *