რუსეთი აგრძელებს პროვოკაციების, ახალი პრობლემების შექმნის პოლიტიკას კავკასიაში – ისა გამბარი

გუნელ მევლუდი


“შერბილების” პოლიტიკა აზერბაიჯანში, რევოლუცია სომხეთში, არჩევნები საქრთველოში, რეგიონში ახალი კონფლიქტების კერები – სამხრეთ კავკასიის რეგიონი ახალ პერიოდს განიცდის? როგორი იქნება ამ რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა რუსეთისა და დასავლეთის მიმართ? როგორი გავლენები ექნება არჩეული საგარეო პოლიტიკურ კურსს რეგიონში ადამიანის უფლებებზე? ამ საკითხებზე აზერბაიჯანის ნაციონალური სტრატეგიისა და აზრის ცენტრის ხელმძღვანელს, ისა გამბარს ვესაუბრეთ.


ბოლო დროს საქართველოში რუსი ბიზნესმენებისა და ტურისტების ნაკადის ზრდა შეიმჩნევა. ზოგიერთი პოლიტიკის საკითხების ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ენის დაბრუნებაც საგრძნობია. როგორია თქვენი შეფასებით საქართველოს და ზოგადად რეგიონის შესაძლო რისკები ამ კუთხით?

სიტუაცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ – რუსი ტურისტების რიცხვის ზრდა, ბიზნესმენთა ნაკადი, ქვეყანაში რუსული ენის დაბრუნება, და ა.შ. აზერბაიჯანისთვისაც აქტუალურია. ვფიქრობ, თუ ხალხი და ხელისუფლება ფრთხილად იქნება და მგრძნობიარე საკუთარი ენის, კულტურისა და ნაციონალური ინტერესების მიმართ, საშიშიროებას ვერ ვხედავ. საკმარისია ყურადღებით ვიყოთ და რუსეთის ხელისუფლებას ამ ფაქტორებით ბოროტად გამოყენების უფლება არ მივცეთ.

უკრაინაში ბოლო მოვლენების შემდეგ, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ რუსეთში იზრდება შიში. თუ გავითვალისწინებთ რუსეთისთვის კავკასიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რას ფიქრობთ ლოკალური კონფლიქტების ახალი კერების გაჩენის პერსპექტივაზე, პირდაპირ ანექსიაზე, ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან?

მხოლოდ 2014 წლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ გაიაზრა და აღიარა რუსეთის საგარეო პოლიტიკის აგრესიული და მტაცებლური ხასიათი.

რეალურად მათ რუსეთის საგარეო პოლიტიკის არსი ბევრად ადრე, 2008 წელს უნდა გაეაზრებინათ, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. შესაძლოა, თავდასხმამდეც ყოფილიყო შესაძლებელი ამ აგრესიის თავიდან აცილება. და ჩვენ, ვისაც კარგი მეხსიერება გვაქვს, ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა კავკასიის მიმართ ბოლო 300 წელია, დაახლოებით 1700 წლიდან დღემდე არ შეცვლილა – რუსეთმა აირჩია კავკასიის მიტაცებისა და საკუთარ დაქვემდებარებაში მოქცევის პოლიტიკა. საკმაოდ დიდი ხანია ასეთ კონტროლს ინარჩუნებს რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში კი რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზა განათავსა და სომხეთის ირანთან და თურქეთთან საზღვრებს აკონტროლებს.

ამავე დროს რუსეთი აკონტროლებს საქართველოს აფხაზურ და ოსურ რეგიონებს, კონტროლისქვეშ ჰყავს აზერბაიჯანის ზედა და ქვედა ყარაბაღის რეგიონი. ყოველივე ეს საკმარისი ფაქტორებია რუსეთის პოლიტიკის შესაფასებლად.

დღესდღეობით, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციების, ახალი პრობლემების შექმნისა  და რეგიონზე კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართულ პოლიტიკას. ამ საშიშროების შეჩერება ორ ფაქტორს შეუძლია: 1. სამხრეთ კავკასიის ხალხების ნებას, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასის გააზრებას და 2. საერთაშორისო საზოგადოებას. ვფიქრობ, ის ფაქტორი, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ მე-17, მე-18 და თუნდაც მე-20 საუკუნეში, რუსეთის აგრესიას შეაჩერებს. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ხალხის ნების გარეშე ეს ვერ მოხდება.

თქვენი ხედვით, როგორ პოლიტიკას გაატარებს დასავლეთი, თუკი რუსეთი კავკასიის ქვეყნებში ახალ აგრესიულ მოქმედებებს დაიწყებს?

დაახლოებით, 25 წლის წინ ეს კითხვა ამერიკელ დიპლომატს დავუსვი. მოვუყევი რომ რუსეთის პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ ყოველდღიურად ხისტი ხდება და მომავალში შესაძლოა, ეს უფრო სერიოზული მოვლენების საფუძველი გახდეს. ვკითხე, როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში აშშ-ს პოზიცია? ამერიკელმა დიპლომატმა გულწრფელად მიპასუხა, რომ თუ რუსეთი აზერბაიჯანს თავს დაესხმება, ამერიკა რუსეთს მსოფლიოს სხვა ნაწილებში უპასუხებს. მაშინ მე მას ერთი ანეგდოტი მოვუყევი: “ერთი ადამიანი მიდის სტუმრად მეგობართან მთაში. ადგილზე მისულმა სტუმარმა ნახა, რომ ამავე სოფლის მეორე მცხოვრებმა საკუთარი სახლის ფანჯრიდან იარაღი დაუმიზნა და მოკვლას უპირებს. სტუმარმა სახლის პატრონს და მეგობარს გასძახა: ნუთუ ვერ ხედავ, როგორ მიმიზნებს ეს ადამიანი იარაღს მოსაკლავად? მეგობარი კი პასუხობს: თუ მოგკლავს, მაშინ მეც მოვკლავ მის ყველაზე სასურველ სტუმარს”. დიპლომატს გაეცინა ამაზე, და კვლავ გულწრფელად მიპასუხა, რომ სხვაგვარად ჩემს კითხვას ვერც უპასუხებდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, 25 წელი არ არის მცირე დრო და საკმაოდ შეიცვალა მსოფლიო, კავკასიის ქვეყნებში და უკრაინაში რუსეთის ბოლო წლების აგრესიის შემდეგ დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და სანქციების პოლიტიკაც ამ ცვლილებების მაჩვენებელია.

სხვა ფაქტორსაც შეგახსნებთ, ათი წლის წინ ევროკავშირმა მიუთითა, რომ სამხრეთ კავკასია ეს ევროპის სამხრეთისკენ არსებული ტერიტორიები კი არა, არამედ ევროპის სამხრეთ ტერიტორიებია, რითაც ფაქტიურად განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპული სახელმწიფოებია.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ რუსეთის პირდაპირი აგრესია სამხრეთ კავკასიის წინააღმდეგ ადეკვატურად იქნება აღქმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ამის გაკეთებას გაბედავს, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის ხალხები, პირველ რიგში თავად უნდა იყვნენ მზად დაიცვან საკუთარი ტერიტორიები. ასეთ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებიც და საერთაშორისო საზოგადოებაც უფრო მეტად დაუჭერენ მხარს მათ.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევდა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო გარკვეულ ძალთა პროვოკაციაა. რას ფიქრობთ ამაზე და ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა იქცეოდნენ მხარე ქვეყნები?

ამ ტაძრის საკითხი მგრძნობიარე თემაა, რომელიც მოითხოვს დაჟინებულ ყურადღებას და დროს. მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს. თქვენ მეკითხებით გარე ძალებზე, რა თქმა უნდა, ეს ძალები გავლენას ახდენენ ამ საკითხზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამასთან ერთად, საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც აქტიურობას იჩენენ ის ძალები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნაციონალურ ღირებულებებთან. ასევე ამ ორ ქვეყანაში არსებობს პროვოკაციაში პრომოსკოვური დაინტერესებული ძალები. 

ისინი დაინტერესებული არიან ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში პრობლემების შექმნით. ამიტომაც ქვეყნები, ხელისუფლებები და ელიტები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ ამ საკითხში. მათ უნდა გამოავლინონ მოთმინება იმ მოქალაქეებთან, რომლებიც მგრძნობიარე არიან ამ თემის მიმართ და ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან, უნდა დაამშვიდონ ეს ძალები და შეეცადონ არ დაუშვან საკითხის გამწვავება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში.

ამ ურთიერთობებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ სახელმწიფოებისთვის, ორი ერისთვის, და არ უნდა დავუშვათ, რომ არსებულმა პრობლემებმა ეს ურთიერთობები გააფუჭონ. ეს ნათლად უნდა იყოს ახსნილი.

რაც შეეხება გარე ძალებს, უნდა ითქვას, რომ თუკი შენ, სახელმწიფო თავად უდგები ჯანსღად საკითხს, სხვა მხარის პროვოკაციებს ვერ ექნება სერიოზული შედეგები.

ვფიქრობ, მოთმინებაშია სარგებელი. ყოველშემთხვევაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მხარეებმა არსებული ადმინისტრაციული საზღვრები აღიარეს და მათ საფუძველზე აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაზუსტება დაიწყეს. ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ. აზერბაიჯანი აქამდე საქართველოდან მორწმუნეების მიმართ მგრძნობელობას ავლენდა და ტურისტებისთვის პირობებს ქმნიდა. ახლაც ყველაფერი ასე უნდა გაგრძელდეს.

ხელისუფლების “შერბილების” პოლიტიკაზე მინდა ვისაუბროთ. რეალურად არის ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებია ადამიანის უფლებების კუთხით? თუ რაღაც მიბაძვაა საქართველოს და სომხეთისა?

აზერბაიჯანში არანაირი შერბილების პოლიტიკა არაა, იმიტაციაა ამის. არ არის რთული, დაასახელო მიზეზი, რასთან არის ეს კავშირში. ერთი მხრივ, ქვეყანაში ყველაფერი იცვლება, დაიღალა ხალხი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისგან, რეპრესიებისგან, დისკრიმინაციისგან, მმართველ სისტემაში კორუფციისგან.

საზოგადოებას ცვლილებები სურს და ცვლილებების სურვილი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს. ასევე გავლენას ახდენს ნავთობზე ფასის შემცირება, საქართველოსა და სომხეთში ხელისუფლებების ცვლილება. მეორე მხრივ, აზერბაიჯანზე რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც გავლენას ახდენს.

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს სანქცია, რუსეთის შეზღუდვა, ასევე ირანის წინააღმდეგ სანქციები, რასაკვირველია, გავლენას ახდენს რეგიონზეც და აზერბაიჯანზეც. აზერბაიჯანი ცდილობს ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევას, ევროკავშირს უკვე აქვს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. სომხეთმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებას.  

ამჟამად აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის შესახებ გარკვეული შეთანხმების ხელმოწერისთვის პროცესი მიმდინარეობს. აზერბაიჯანს უნდა აჩვენოს ევროკავშირს რომ აზერბაიჯანში პოზიტიური ცვლილებებია. ამგვარად, ამ ფაქტორებთან არის დაკავშირებული ეს შერბილების იმიტაციაც.

ეს პროცესი გაგრძელდება და ადრე თუ გვიან აზერბაიჯანში მმართველი რეჟიმი უარს იტყვის ამ იმიტაციაზე. ან ეს ხელისუფლება შეიცვლება და რეალური პოლტიკური და ეკონომიკური რეფორმები დაიწყება, ან ხალხი ბოლოს ხმას ამოიღებს და ქვეყანაში რადიკალურ დემოკრატიულ ცვლილებებს თავად მოახდენს.

როგორ შეიძლება ადამიანის უფლებების საკითხზე იქონიოს გავლენა რეგოინის ქვეყნის პრორუსულმა ან პროდასავლურმა კურსმა?

დღეს საქართველომ აირჩია და ორიენტირებულია დასავლეთზე, აირჩია ევროკავშირთან და NATO- სთან ინტგრეაცია. სომხეთმა ევრაზიის მიმართულება, როგორც უკვე ვთქვით, რუსული სამხედრო ბაზები ჯერ კიდევ რჩება იქ. სომხეთის სამხრეთ საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს. სომხეთის ეკონომიკაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის დასავლეთსა და რუსეთის შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს. იმის მიუხედავად, რომ თავად ხელისუფლება ამას არ აღიარებს, ეს ასეა. ასეთ პირობებში რეგიონში დაძაბულობა და კონფლიქტი გარდაუვალია. რეგიონის პრობლემები შეიძლება გადაიჭრას იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ერთ სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანდება.

როგორ არის ეს შესაძლებელი? ორი ვარიანტია: თუკი სამხრეთ კავკასიის ქვეყნები კვლავ მოსკოვის კონტროლქვეშ გადავა, სამხრეთ კავკასიის პრობლემები, წარსულის მსგავსად ავტორიტარული რეჟიმით გადაიჭრება.

მეორე და სასურველი ვარიანტია, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირდნენ და ევროკავშირისა და nato-ს წევრები გახდნენ. ამ შემთხვევაში, რამდენდაც სამივე სახელმწიფო ერთ სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში იქნებოდა, რეგიონის პრობლემებიც თანამედროვე მსოფლიოს წესებით გადაიჭრებოდა, იქნებოდა ეს სასაზღვრო, ეთნიკური თუ სხვა პრობლემა. ამიტომაც საკუთარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ ღირებულებების და არა გეოგრაფიული ფაქტორის სასარგებლოდ.

ამ თვალსაზრისით, რამდენადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობა, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დასავლეთში არსებობს, ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფოები ასე უნდა იყვნენ ორიენტირებული ამ მიმართულებით. ჩვენთვის მუსავატისტებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ამიტომაც პარტიამ “მუსავატი” აირჩია ევროინტეგრაცია თავის მთავარ მიმართულებად აზერბაიჯანელი ხალხისთვის ჯერ კიდევ 100 წლის წინ.

ჩვენ გვჯერა, რომ მთელი სამხრეთ კავკასია ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდება უახლოეს მომავალში და არსებული კონფლიქტებიც ამ ღირებულებების შესაბამისად იქნება გადაჭრილი.

ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შექმნილი სიტუაცია, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი კონფლიქტია, პერიოდულად იძაბება. როგორ შეიძლება გამწვავებამ რეგიონზე იქონიოს გავლენა?

ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებამ შესაძლოა ძალიან სერიოზული შედეგები იქონიოს. სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება, ყოველშემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ კონფლიქტმა იფეთქა, ვერცერთი მეზობელი სახელმწიფო სრულ ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს, და პრობლემის გამწვავებამ მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. სწორედ, ამის გამო პირველ რიგში კონფლიქტის მშივიდობიანი გადაჭრის მომხრე ვართ.

არსებობს ძალიან განსაზღვრული წესები მშვიდობიანი მოგვარებისა, კონფლიქტი საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად უნდა იყოს დარეგულირებული. კონკრეტულად ყარაბაღის კონფლიქტის ჭრილში, ეს საერთაშორისო ნორმები ორი ძირითადი მდგომარეობისგან შედგება: 1. სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, ურღვევობა, და ამ კუთხით ყარაბაღის პრობლემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა გადაიჭრას. 2. ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფა მაღალ დონეზე, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ქვეყნები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ვაღიარებთ, უნდა ვაღიაროთ ჩვენი ეროვნული უმცირესობების უფლებები ევროპული სტანდარტების შესაბამისად. სხვა საშუალებით პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ადრე თუ გვიან, ეს კონფლიქტი სწორედ ამ გზით გადაიჭრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი