„ვიცი, რომ ჩემი სახლიდან სამი საფეხური დარჩა“ – ქარდა ქარდუხის გზა სოხუმიდან ბათუმამდე

ქარდა ქარდუხი მწერლისა და მთარგმნელის, ფრიდონ ქარდავას ლიტერატურული ფსევდონიმია. იგი სოხუმთან ახლოს, ათიოდე კილომეტრით დაშორებულ სოფელ შრომაში დაიბადა და სოხუმის უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო.

არადა, ომის დაწყებამდე პერიოდი ქარდასთვის ყველაზე ბედნიერი იყო. 1991 წელს უნივერსიტეტში ჩააბარა და ვერც წარმოიდგენდა, რომ ძალიან ახლოს იყო, როგორც თვითონ ამბობს, „კატასტროფა“, ქალაქი სოხუმი სულ მალე ომზე გადაღებულ კინოფილმებში ნანახ ქალაქს დაემსგავსა.

წერა მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. ეს იყო ვრცელი, ფანტასტიკის ჟანრის რომანი, რომლის მთავარი გმირები, სკოლის მოსწავლეები, სხვა სამყაროში მიდიოდნენ.

რეალობიდან წასვლა შეუძლებელი იყო. როცა კონფლიქტი გამწვავდა, 18 წლის ქარდა თანასოფლელებთან ერთად იცავდა სოფელ შრომას. მიუხედავად იმისა, რომ ისროდნენ ორივე მხრიდან და სოფელში პერიოდულად ჭურვები ფეთქდებოდა, ომი რომ იყო, ყველაზე ცხადად სოფელ შრომასა და სოხუმს შორის მდებარე მთაზე ასვლისას გააცნობიერა.

„ამ მთიდან, ზეგანიდან, მთელი სოხუმი ხელისგულზე ჩანს და რეალურად მაშინ მივხვდი, რომ ომია და ეს ომი არავის მოგებით არ დამთავრდება. მივხვდი, რომ კეთილი დასასრული არ არსებობდა. მაშინ ამყვა შეგრძნება, რომ  ეს ტრაგედიით დამთავრდებოდა და ეს შეგრძნება დღემდე არ გამნელებია, ან როგორ?!“ – ამბობს ქარდა.

ფოტო ქარდა ქარდუხის ფოტოალბომიდან

მთიდან დანახული სოხუმს კვამლი ასდიოდა და თითქოს სხვა ქალაქი იყო. არა ბავშვობის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად მაიმუნების საშენის დათვალიერება და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მისვლა უყვარდა. ვეებერთელა დოლმენის მრგვალი სარკმლიდან ცვილის ოჯახი ჩანდა – ქალი, კაცი და შვილი ერთად, ღომს ზელენ და თითქოს ცოცხლები არიან…

„ბოლო დღეც მახსოვს, როცა ვტოვებდი სოხუმს. მარტო ვიყავი ქუჩაში. მახსოვს ცარიელი ქალაქი და გამხდარი ქალი სადარბაზოსთან, რომელმაც არ იცოდა რა ექნა. ვურჩიე, რომ შესულიყო და ქუჩაში არ ევლო. ეს მახსოვს ძალიან ცხადად – ჯერ ისევ დაუნგრეველი, თუმცა ცარიელი, გასუსული ქალაქი“ – იხსენებს ქარდა.

რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ ნახა სოხუმი, უკვე შორიდან:

„27 სექტემბერს, ღამეს, სოხუმის დაცემა ვნახე სოფელ მერხეულიდან. მანათობელ ტყვიებს ისროდნენ, ზეიმობდნენ. იმ ღამეს დავიძარით მე და ჩემი ძმის ოჯახი უღელტეხილისკენ, ერთი თვის ძმისშვილი მოგვყავდა“.

ქარდა ქარდუხის მოგონებები აფხაზეთზე

"მე ისევ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობებითაც შეგვეძლო ამ დონეზე არ გაგვემწვავებინა კონფლიქტი. ყველაფერს იზამდა რუსეთი, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო ამის მიღწევა, მაგრამ ჩვენ რომ ის რაღაც პროცენტი ბოლომდე არ გამოვიყენეთ, მე ეს ყოველთვის მაწუხებს“

Posted by netgazeti.ge on პარასკევი, 07 ივნისი, 2019

უღელტეხილის ფეხით გადავლას და ზუგდიდში ჩასვლას 11 დღე დასჭირდა.  კიდევ უფრო მეტი დრო – ბათუმში ჩამოსვლას, სადაც უკვე ჩამოსულები იყვნენ ქარდას მშობლები და სანატორიუმში, მწვანე კონცხზე ცხოვრობდნენ. სანატორიუმში ჯერ ისევ იყვნენ დამსვენებლები, რომლებიც დევნილებთან ერთად ცხოვრობდნენ შენობაში. არეული, მძიმე დრო იყო: უკიდურესი სიღარიბე, ცარიელი მაღაზიები, დევნილები, რომელთაც აღარაფერი გააჩნდათ:

„იმხელა შეგრძნება იყო დამარცხების, რომ არაფერზე აღარ ვფიქრობდი. კი, მიგრძვნია სტრეოტიპები დევნილებზე, სხვებს უფრო მძიმედ უგრძნიათ ალბათ, მაგრამ იმ დამარცხების შემდეგ ამასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა. თან არავითარი სხვაობა დევნილსა და არადევნილს შორის აღარ იყო. როცა მთელი საზოგადოება არის ძალიან დუხჭირ მდგომარეობაში და ამ დროს არის მეორე ჯგუფი, რომელსაც  მეტი ყურადღება სჭირდება, ეს ძალიან ძნელია დევნილებისთვისაც და არადევნილებისთვისაც“ – ამბობს ქარდა.

აფხაზეთიდან წამოღებული რამდენიმე ნივთს ინახავს: ფოტოალბომს, ბლოკნოტის ყდასა და ძველ კალამს. ერთ ფოტოზე სახლის წინ, კიბეზეა ჩამომჯდარი მამასა და დასთან ერთად ერთად. იცის, რომ მისი ბავშვობის სახლიდან მხოლოდ სამი საფეხური დარჩა. კიბის სამი საფეხური დანგრეულ სოფელში.

ბავშვობის ფოტო სახლის კიბეზე

„გუგლის რუკით ვმოგზაურობ ხოლმე ჩემს სოფელში და არის აბსოლუტურად გაუდაბურებული. მიყვებიან, რომ სოფლის შესასვლელში ცხოვრობს ერთი ოჯახი და ერთი მწყემსიც, რომელიც საქონელს უვლის. მენატრება ის ადგილები. სახლის მონატრებაზე მეტია ეზოს მონატრება. მახსოვს, მამასთან ერთად დავრგე ბროწეული, მე მგონი მის ყვავილობას მივუსწრებ ოდესმე“ – ამბობს ქარდა.

დევნილობის პირველ წლებში ჯერ ბათუმის უნივერსიტეტში ისწავლა მეორე კურსი, შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალშივე გააგრძელა თბილისში. სწავლის დამთავრების შემდეგ ჯერ ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი აჭარის არქივში, სადაც დღემდე მუშაობს.

მოთხრობების და რომანის წერის პარალელურად დაიწყო თარგმნა და ერთ დღესაც „შეხვდა“ ამერიკელი პოეტის, ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგიას“, პოემას, რომლის ყველა პერსონაჟი გარდაცვლილია და ყველა ლექსი ეპიტაფიაა.

„იმ პერიოდში მკვდრები მესიზმრებოდა ისედაც სულ და ვნახე მასტერსის რამდენიმე ლექსი.  244 ეპიტაფიიდან ოთხი ლექსი იყო თარგმნილი ქართულად. არ ვიცი, „მშობლიური“ როგორ შეიძლება ეპიტაფიები იყოს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი სოფლის სასაფლაოზე დავდიოდი. ფაქტობრივად ყოველ პერსონაჟზე მახსენდებოდა ვინმე, მეზობელი, ახლობელი, მეგობარი, ცოცხლებიც მათ შორის, რომლებსაც წლები ვერ ვნახულობდი და დაკარგულები იყვნენ ჩემთვის“ – ამბობს ქარდა.

„სფუნ რივერის ანთოლოგია“ 2005 წელს გამოიცა მცირე ტირაჟით, თუმცა ახლა ქარდას მასტერსის უფრო სრული ვერსია აქვს მზად გამოსაცემად.

რომანი

2013 წელს ქარდა ქარდუხის რომანი – „ძაფზე მოფარფატე სული“ გამოსცა გამომცემლობა „საუნჯემ“.  რომანს საფუძვლად უდევს მიცვალებულის გარდაცვალების ადგილიდან სულის ძაფით სახლში „წაყვანის“ ძველი მეგრული ტრადიცია. 2015 წელს კი გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა ქარდას მოთხრობების კრებული „ბატიბუტის ჩურჩხელა“.

უკვე დიდი ხანია ახალ რომანზე მუშაობს, რომელიც დასასრულს უახლოვდება. რომანი მოგონილ ქალაქზეა. ეს ყველაზე რეალური მოგონილი ქალაქიო – ამბობს ქარდა.

ბათუმში რომ დარჩა საცხოვრებლად, შემთხვევითი არ ყოფილა. ზღვასთან ახლოს ყოფნა სოხუმთან ახლოს ყოფნასაც ნიშნავს თითქოს, რომლის სანაპიროზეც იბანავა პირველად, ბავშვობაში:

„ეს ქალაქი რომ ჩემი სახლია, ეს შეგრძნება გაჩნდა მაშინ, როცა მეგობრები გავიჩინე აქ, მაგრამ ხშირად ვამბობ ხოლმე, სანამ ვერ დავბრუნდებით სოხუმში, ბათუმი ვერ გახდება ჩემი მშობლიური ქალაქი.“

აფხაზეთსა და ომის წლებზე ხშირად ეკითხებიან, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ უყვარს, წარსული ისედაც ხშირად ახსენებს თავს. ფიქრობს, რომ ალბათ მაინც შესაძლებელი იყო ამ კონფლიქტის თავიდან არიდება:

„რა თქმა უნდა, აქ რომ მესამე ძალა იყო, ამაზე არავინ დაობს. დარწმუნებული ვარ, რომ არა რუსეთი, ეს კონფლიქტი არ იქნებოდა ან ასეთ სახეს არ მიიღებდა. ჩვენი ძალებითაც შეიძლებოდა ეს არ გამწვავებულიყო და ჩვენ რომ ეს არ ბოლომდე არ გამოვიყენეთ, მე ეს ყოველთვის მაწუხებს. ისტორიაზე არ საუბრობენ იმით, რა იქნებოდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ ამ შეგრძნებას ხომ ვერ დაკარგავ?! მგონია, რომ ოდესმე დავწერ იმ წლებზე, შეუძლებელია არ დავწერო, თუმცა ჯერ ისევ არ ვარ მზად, მიუხედავად იმისა, რომ 26 წელი გავიდა.“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com