ახალი ამბები

“ოქროს სიის” კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შენარჩუნებაზე, მინისტრი უარს ამბობს

10 ივნისი, 2019 • 1071
“ოქროს სიის” კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შენარჩუნებაზე, მინისტრი უარს ამბობს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარს ამბობს, ე.წ ოქროსს სიაში მყოფი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმების შესახებ მიღებული გასდაწყვეტილება შეცვალოს. ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, რომელიც დღეს, 10 ივნისს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლექვინაძის თქმით, ფინანსთა მინისტრს ცვლილების ამოქმედების გადავადების თხოვნითაც მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

“მტკივნეული საკითხი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ბიზნესისთვის სიურპრიზი იყო და ახლა მათ უწევთ მთლიანი ფინანსების გადაწყობა, რაც საკმაოდ რთულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დღესვე მივმართოთ მთავრობას, რომ ან გადავადდეს ამ გადაწყვეტილების ამოქმედება, ან დარჩეს სტატუს-კვო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რესურსი ბოლომდე ამოწურული არ არის. ფინანსთა მინისტრმა  ამ გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად სავალუტო ფონდთან შეთანხმება დაასახელა,”-აცხადებს ლექვინაძე.

თავად ივანე მაჭავარიანს დღეს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. აქამდე იმპორტის გადასახდელებს ბიზნესი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღეში იხდიდა, გარდა ე.წ ოქროს სიის წევრებისა. მინისტრის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წელს გამოცემული ბრძანების 51-ე მუხლის მე-7 პუნქტში.

ოქროს სიის“ მონაწილე არის პირი, რომელიც სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადით. შემოსავლების სამსახური ე. წ ოქროს სიის სტატუსს ანიჭებს გადამხდელს, რომელსაც აქვს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარი.  ამავე დროს, გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი არანაკლებ 900 000 ლარისა.

6 ივნისს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კომპანია თანაბარ პირობებში ჩადგება.

“ჩვენი მთავრობის პოლიტიკა როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან”,-აცხადებს ყავლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი