ახალი ამბები

“თბილისის წიგნის დღეები” 27 ნოემბერს დაიწყება

26 ნოემბერი, 2014 • • 2109
“თბილისის წიგნის დღეები” 27 ნოემბერს დაიწყება

წიგნის დღეების ინიციატორების მიზანია, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფორმატი გაფართოვდეს და წიგნების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, მკითხველებს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამა შესთავაზოს.

 

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც ყველა სტუმარი შეძლებს სასურველი წიგნის ყიდვას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ღონისძიების ძირითად ამოცანას გაერთიანებული პლატფორმის შექმნის გზით საქართველოში არსებული გამომცემლების მხარდაჭერა წარმოადგენს. წიგნების გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ყოველი წამყვანი გამომცემელი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს წარმოდგენლი პროდუქციის ფართო სპექტრს.

 

წიგნების შეძენის შესაძლებლობის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ გამომცემლებს, დაესწრონ წიგნის პრეზენტაციებს, ისიამოვნონ ღონისძიების სრული კულტურული პროგრამით და აგრეთვე თან წამოიყვანონ ბავშვები. პატარებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში, რომლიც მათ განვითარებაზე არის ორიენტირებული, ამბობენ ორგანიზატორები.

 

თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში გაიმართება. გამოფენა-გაყიდვაზე შესვლის ფასი 1 ლარი იქნება. გამოფენა 27 ნოემბერს, 14 საათზე გაიხნება, სხვა დღეებში კი 11-დან 19 საათამდე გაგრძელდება.

 

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ “თბილისის წიგნის დღეების” პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიების სერიით, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – მსოფლიოს დიდი და ცნობილი  წიგნის ფესტივალების ხელმძღვანელები, კურატორები, ცნობილი გამომცემლები და ილუსტრატორები.

 

დისკუსიები შეეხება ქართულ საგამომცემლო საქმიანობის მომავალს, პერსპექტივებს, სტრატეგიას,  საგამომცემლო საქმის და ლიტერატურის განვითარების,  მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებს.

 

წიგნის დღეები სტუმრები ნახავენ საერთაშორისო ვორკშოპები და გამოფენები, საჯარო ლექციები, საბავშვო ღონისძიებები, წიგნების კითხვა და დისკუსიები. დისკუსიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია  ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.

 

თბილისის წიგნის დღეები
თბილისის წიგნის დღეები

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენებიდან სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული ილუსტრაციის გამოფენა, თანამედროვე ქართული ილუსტრაციის გამოფენა, ირანული საბავშვო ილუსტრაციის გამოფენა, ილუსტრირებული წიგნის საერთაშორისო გამოფენა, უკრაინული საბავშვო ილუსტრაციის გამოფენა, უკრაინული წიგნის გამოფენა, ალტერნატიული და ექსპერიმენტული წიგნის საერთაშორისო გამოფენა, სერიგრაფიის გამოფენა, ფოტო-წიგნის გამოფენა.

“ჩვენ გვინდა, შევქმნათ ღია პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ შემოქმედებითი, სამთავრობო, კომერციული, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ადამიანის ძალისხმევას, ვინც საქართველოს წიგნის სფეროში მუშაობს, და ხელს შეუწყობს მათ საერთაშორისო ინტეგრაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

 

2014 წლის აგვისტოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და ბელორუსიაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის წვლილის შეტანის მიზნით გამოყო გრანტი. საქართველოს გოეთეს ინსიტუტის მიერ წარდგენილი 5 პროექტიდან, კონკურსის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100 000 ევროთი დააფინანსდა ერთი – “თბილისის წიგნის დღეები”, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს წიგნის ხელოვნების ცენტრის ერთობლივი პროექტი იყო. 

 

ამავე კონკურსის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდა სხვადასხვა ტიპის პროექტები უკრაინაში (ორი პროექტი), ბელორუსში (ორი პროექტი), მოლდოვაში (ერთი პროექტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი