ახალი ამბები

გამყოფ ხაზთან სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID $1 მილიონს გამოყოფს

6 ივნისი, 2019 •
გამყოფ ხაზთან სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID $1 მილიონს გამოყოფს

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, USAID-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად შიდა ქართლის სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი