ახალი ამბები

ჩინჩალაძის მხარდამჭერი წერილები – ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზებულ კამპანიაზე საუბრობს

6 ივნისი, 2019 •
ჩინჩალაძის მხარდამჭერი წერილები – ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზებულ კამპანიაზე საუბრობს

“ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვთვლით, რომ ბატონი მიხეილ ჩინჩალაძე არის სამართლიანობის, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტია და მხარს ვუჭერთ მის კანდიდატურას უზენაეს მოსამართლედ განსამწესებლად”, – ამ შინაარსის 8 წერილი, საერთო ჯამში, 200-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით შევიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

წერილები იუსტიციის საბჭოს მდივნის სახელზეა, თუმცა ის საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილსაც გადაეცა. ჯანეზაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ ყველა წერილს ერთნაირად არის დასათაურებული, ხელმომწერები კი განსხვავდებიან.

წერილებზე ხელმომწერები მხარს უჭერენ მიხეილ ჩინჩალაძის უზენაეს სასამართლოში განწესებას, თუმცა ჩინჩალაძე კანდიდატებს შორის აღარ არის.

“წერილები ძველია, დაახლოებით 2 თვის წინ არის შემოსული, თუმცა მე ახლახანს გადმომეცა. ახლა თემა აქტუალური არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ცდილობენ, ალტერნატიული ვერსია შემოგვთავაზონ ჩინჩალაძის შესახებ. როგორც ჩანს, ვიღაც უწევს ამას მობილიზებას იმიტომ, რომ ერთი და იგივე სათაურით შეუძლებელია სხვადასხვა ადამიანებმა გამოაგზავნონ წერილები. ეჭვი მეპარება, რომ გარედან აქტიური გულშემატკივარი გამოუჩნდა ჩინჩალაძეს. აქტიური მოსამართლე რომ იყოს და მის მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილი ბევრი მხარდამჭერი ჰყავდეს, კიდევ გასაგები იქნებოდა”,  – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის თქმით, წერილებზე ხელმომწერი მოქალაქეები საარჩევნო სიებში გადაამოწმა, რამდენიმე ოჯახითაა წარმოდგენილი, თუმცა კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, მათ ვინაობას ვერ გაასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი