შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა სტეფანწმინდასთან კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, 6 ივლისს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ კომპანია “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი ვერტმფრენი – ყუროს მთასთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.