ახალი ამბები

ომბუდსმენის შეფასებით, პატიმრების საქმეზე გამოძიება არასათანადო მუხლით დაიწყო

24 ნოემბერი, 2014 • • 1110
ომბუდსმენის შეფასებით, პატიმრების საქმეზე გამოძიება არასათანადო მუხლით დაიწყო

ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სახლახო დამცველის რწმუნებულს თბილისის პროკურატურის გამომძიებლებმა 22 ნოემბერს განუცხადა, რომ გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 378–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთით სარგებლობას გულისხმობს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

“12 ნოემბერს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში დაფიქსირებულ ფაქტზე ამ მუხლებით გამოძიების წარმართვა გამოძიებას იმთავითვე არაეფექტურს ხდის; ჩემ მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მასალები იძლეოდა შესაძლებლობას, პროკურატურას გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყო მინიმუმ, ვიმეორებ მინიმუმ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მუხლით, რაც დანაშაულად აცხადებს არაადამიანურ მოპყრობას”,- აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ინფორმაცია, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, როდის დაინიშნა და ჩატარდა თუ არა 12 ნოემბერს დაზარალებული პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების დასადგენად სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა, გაასაჯაროოს.

 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 20 ნოემბერს მისი რწმუნებულები კიდევ ერთხელ შეხვდნენ აღნიშნულ ორ პატიმარს და მათ კვლავ აღენიშნებოდათ სხეულზე დაზიანებები:

 

“ამიტომ აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ დაზიანებების კვალი გამოძიების დაწყების დროისთვის უკვე წაშლილი იქნებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”,- ამბობს ის.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრაქტიკა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა სავარაუდო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მხრივ არაეფექტურია, რაც გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობით გამოიხატება.

 

“საქართველოს პროკურატურის მოქმედებები ამ და სხვა არაერთ საქმეზე ნათელს ხდის, რომ გარდაუვლად აუცილებელია უმოკლეს ვადებში საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე პოლიციელთა მიერ წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი არაერთი საქმე მიუთითებს, რომ მთავარი პროკურატურის მუშაობა ამ მხრივ არაეფექტურია”,- ამბობს ნანუაშვილი.

 

მისივე თქმით, 2014 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში 18 წინადადებაა გაგზავნილი სახალხო დამცველის მიერ, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მან გამოძიების დაწყება მოითხოვა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გამოძიება შესაბამისი მუხლით თვრამეტიდან მხოლოდ ერთ საქმეზე დაიწყო.

 

“კვალიფიკაციის გარდა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება ჩაატარა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა და არა საქართველოს პროკურატურამ. რამდენიმე შემთხვევაში სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიებაც კი არ დაიწყო და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და პატიმართა განმარტებების საფუძველზე ჩათვალა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, 18 შემთხვევიდან არც ერთზე ჩემთვის არ არის ცნობილი, გამოვლენილია თუ არა ბრალდებული პირი”.

 

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება უნდა ჰქონდეს და პარლამენტს მოუწოდებს, სახალხო დამცველის აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მიღება დააჩქაროს.  უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დაშვება დახურულ დაწესებულებაში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. მისვე განცხადებით, 12 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის ადგილას არ არის ვიდეოკონტროლი და, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ვიდეოკამერებით დაფიქსირებული არ არის.

 

“ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩემი რწმუნებულების მიერ დოკუმენტურად დაფიქსირებული გარემოებები, ისევე როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული არათანმიმდევრული და უზუსტო ჩანაწერები”.

 

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  12 ნოემბერს, ომბუდსმენის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას, გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ. გარდა ამისა, დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. გავრცლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა.

 

“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი