ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნათია ზოიძის განცხადებას ეხმიანება

4 ივნისი, 2019 • 772
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნათია ზოიძის განცხადებას ეხმიანება

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ ნათია ზოიძის 3 ივნისის ღია წერილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკურ საფუძველს აძლიერებს.

ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებები კითხვებს აჩენს ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

“ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში პოლიტიკურ საფუძველს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია, პროცესებში ჩართულმა ყველა პირმა  უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რათა შევინარჩუნოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მაუწყებელი.

ასევე, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ყურადღებით აკვირდება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი ისაუბრებს საჯაროდ და პროცესების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

გუშინ, 3 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის განცხადება. ტელევიზიის ბორდის მიერ დირექტორის – ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, დირექტორის მოვალეობას სწორედ ნათია ზოიძე ასრულებს. ის ასევე მონაწილეობდა დირექტორის შესარჩევ კონკურსში, რომელიც 31 მაისს ჩაიშალა და ხელახლა გამოცხადდა. ნათია ზოიძე აცხადებს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

“ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს  ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების  თანამზრახველობა, რადგან ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა.

ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ. ამასთან, ამბიციებს, პირად წყენებს  ვერ გასცდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის  განცდას”, – წერს ზოიძე.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/208091/?fbclid=IwAR3uUvo0bb684aqYvrYPhjzYD2UlFXFSSWiRHP2MuKww04xSwsSq-fgzZVg

მასალების გადაბეჭდვის წესი