ახალი ამბები

ბახტაძე თადუმაძის მოსამართლეობაზე: ნებისმიერს აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება

2 ივნისი, 2019 •
ბახტაძე თადუმაძის მოსამართლეობაზე: ნებისმიერს აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში ნებისმიერ მსურველს აქვს მონაწილეობის მიღების უფლება, მათ შორის მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შერჩევის პროცედურაში მონაწილების მსურველებს შორის მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძეც არის. მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის სურვილი ჯამში 144-მა ადამიანმა გამოთქვა.

როდესაც 2 ივნისს ბახტაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თადუმაძის მოსამართლეობის სურვილზე, პრესსამსახურის თანახმად, ბახტაძემ ასე უპასუხა:

“ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს. მაგრამ მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, [არის ის, რომ] ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„მთავარი ჩემთვის და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის არის ის,რომ საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას“, — განაცხადა პრემიერმა.

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორი 2018 წლის 16 ივლისს გახდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 101-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინაააღმდეგ წავიდა.

შალვა თადუმაძე 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრია.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად ხელახალი კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიმდინარე ეწლის იანვარში მიხეილ ჩინჩალაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებმა, სულ, 10-მა ადამიანმა, წინა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულს წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობა, რომელიც აღნიშნულ სიაში მყოფ მოსამართლეებს უნდობლობას უცხადებდა და მათ “კლანად” მოიხსენიებდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი