საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას უსმენენ.
შეკითხვების რაოდენობის მიხედვით, პარლამენტის ბიურომ პროპორციულად შეამცირა ინტერპელაციით გათვალისწინებული დრო, რაც პლენარულ სხდომაზე კამათის საფუძველი გახდა.
“ყველანაირ აზრს კარგავს ინტერპელაცია. ჩემი შემოთავაზება იქნება, გაორმაგდეს აღნიშნული დრო”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა.
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ კი მმართველი გუნდი კანონის ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. ასევე, აღნიშნა, რომ თამარ ჟვანია და დავით სერგეენკო დღევანდელ სხდომაზე სპეციალურად არიან მოწვეული, რათა მამუკა ბახტაძის ინტერპელაციისთვის გამოყოფილი დრო შეამცირონ.
“დღეს ჩვენ კიდევ ერთი პოლიტიკური მასკარადის მოწმე გავხდებით. არ მგონია, რომ ვისაც როგორ მოუნდება, ყოველკვირა პრემიერმა უნდა იაროს. დაგროვდეს კითხვები, კვარტალში ერთხელ მოვიდეს პრემიერი და იყოს თუნდაც მთელი დღეს. ეს მოცულობა მართლაც ნაკლებია და ძნელია, საგნობრივად შედეგზე ვინმე გავიდეს. ამიტომ შემდეგში გავითვალისწინოთ”, – განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ.
პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, თუ რეგლამენტით გათვალისიწნებული წესი არ მოსწონთ, საკანონმდებლო ცვლილება მოამზადონ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს. ადრესატი კი ვალდებულია, შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.
რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, ინპტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ” გაუგზავნა კითხვები საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, “თიბისი“ ბანკის საქმეზე, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობასა და დასაქმებული პირების რიცხოვნობაზე.
რაცც შეეხება თამარ ჟვანიას, მას “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა კითხვით, თუ რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე.
დავით სერგეენკო კი “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.