ახალციხეში, მეხუთე სკოლაში პირველკლასელებისათვის გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებს თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევები ეკეთათ. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ღონისძიება 27 მაისს გაიმართა. “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბრისას კლასის დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და საბჭოთა სიმბოლიკასთან მოსწავლეების ჩაცმულობას კავშირი არ აქვს:
„აზრადაც არ მოგვსვლია, ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა, პეპლები და ფართუკები ხომ არ მოუხდებოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ“,–განმარტავს დამრიგებელი “სამხრეთის კარიბჭესთან.
იგივეს აცხადებენ გამოცემასთან საუბრისას პირველკლასელების მშობლები და კლასის დამრიგებელი:
„ყელსახვევები იმიტომ ავირჩიეთ, რომ არ აქვს ყველას საშუალება, რომ შეიკერონ პიჯაკები. თეთრი მაისურები ყველას ჰქონდა, წითელი ფარდა კი მაღაზიაში ვიყიდეთ. ჩვენ, მშობლები ის თაობა ვართ, რომ საერთოდ არ ვიცით, ვინ იყვნენ პიონერები“,– ამბობს მშობელი ხათუნა გელაშვილი.
მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, რომ ამ თემით აპელირება სისულელეა:
„რა პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება, დროშის ფერებში იყვენენ გამოწყობილი. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძება ჩაატარეს. როგორ კაშნეს და ბენდენას მოიხვევდნენ, ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა სცმოდათ, ეს ვიცოდი“,– ამბობს ვარდიძე.
“ნეტგაზეთი” ამ თემაზე საქართველოს განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.