ახალი ამბები

ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია იმართება

30 მაისი, 2019 •
ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია იმართება

ქუთაისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას  ითხოვენ.

პროტესტი კოსტავას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

სალომე ბარკერის დის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი ნანა კოსტავამ ფეისბუკიდან წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.

ნანა კოსტავა 2017 წლის თებერვალშიც, მაშინ როცა ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ფაქტის შესახებ ნიშნის მოგებით წერდა.

“შვილის დაკარგვა დიდი უბედურებააა… ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად”, – 2017 წლის თებერვალში საჯაროდ დაწერა ნანა კოსტავამ ფეისბუქის პირად გვერდზე. ის კომენტარებში აზუსტებს, რომ ნამდვილად მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე წერს.

“დედამისი ძალიან ყვარებია უფალს ასეთი განსაცდელი რომ მოუვლინა….” – ეს უკვე იგივე სტატუსის ქვემოთ ნანა კოსტავას დატოვებული კომენტარია.

ნანა კოსტავას აღნიშნული ფეისბუკსტატუსი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2019 წლის 28 მაისს 16 წლის სკოლის მოსწავლის გარდაცვალებაზე დაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი