სივრცითი მოწყობის შესახებ კანონის ამოქმედება კიდევ 6 თვით გადაიდო

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სივრცითი მოწყობის შესახებ კანონის ამოქმედების კიდევ 6 თვით გადავადებას. კანონი პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო და 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო.

თუმცა, იმ არგუმენტით, რომ კანონის სრულყოფილად ასამოქმედებლად ყველა საჭირო კანონქვემდებარე აქტში ცვლილების შეტანა ვერ მოესწრო, თბილისის მერიამ მოითხოვა სივრცითი მოწყობის შესახებ კანონის ამოქმედების გადავადება, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც ორგანიზაციას “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” წარმოადგენს, ხედავს რისკებს, რომ პროცესი ზედაპირულად წარიმართება და შედეგად, კანონმდებლობაში მეტ ხარვეზს გააჩენს.
ცინცაბაძის თქმით, კანონი სივრცითი მოწყობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან მასში საჯარო ინტერესის გათვალისწინების ვალდებულება ჩნდება:
“ეს კანონი დაგეგმვის სისტემას უფრო ლოგიკურად ანაწილებს. კონკრეტულად გამოკვეთს საჯარო ინტერესებს სივრცითი მოწყობის სფეროში. კერძოდ, ავალდებულებს მუნიციპალურ ორგანოებს, რომ განსაზღვრონ საჯარო ინტერესის პატივისცემა, როცა იღებენ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ჩამოთვლილია, რომ ქალაქის ეკოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, სოციალური თემების მდგომარეობა, სამეზობლოს მდგომარეობა, მშენებლობებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არის საჯარო ინტერესი და უნდა მიიღონ ეს საკითხები მხედველობაში.
ამასთან, მთელ რიგ სისტემას ცვლის ეს კანონი, განსხვავებულ სამშენებლო სტადიებს აწესებს, ვიდრე დღეს არსებობს. კანონის გარდამავალ დებულებებში მითითებულია, რომ მთელი რიგი მთავრობის აქტებისა, რომლებიც მშენებლობებს არეგულირებს, და ასევე ქალაქის მუნიციპალიტეტის კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც მშენებლობას არეგულირებს, უნდა შეიცვალოს ამ კანონის დებულებების შესაბამისად და ამისთვის ერთი წლის ვადა იყო განსაზღვრული” ,- ამბობს ცინცაბაძე.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, მერიას კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობაში მოყვანა ადრე მოეხერხებინა. კომიტეტის სხდომაზე კი, იურისტის თქმით, ვერ მოისმინა დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ ვერ მოხერხდა ეს დროულად:
“ფაქტია, რომ ერთი წელი მცირე ვადა არ არის კარგი კანონის ასამოქმედებლად და უფრო უპრიანი იქნებოდა, შედარებით ადრე მოეხერხებინათ ეს. კომიტეტის სხდომაზე მერის მოადგილეებმა პირდაპირ თქვეს, რომ ვერ მოასწრეს თბილისში მშენებლობის მარეგულირებელ ყველა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობა ამ კანონთან. ყველა კი არა, არცერთი აქტი არ არის მორგებული ამ კანონთან.
შესაბამისად, 3 ივნისს რომ ამოქმედდეს ეს კანონი, სამართლებრივად გვექნება ერთი რეჟიმი და კანონქვემდებარე აქტების დონეზე პრაქტიკაში გვექნება მეორე რეჟიმი,, რაც, ბუნებრივია, ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომ მიმართეს პარლამენტს და სთხოვეს კიდევ 6 თვით გადადება, მაგრამ ამ კომიტეტის სხდომაზე ვერაფრით ვერ დაასაბუთეს მერის მოადგილეებმა, რატომ არ იმუშავეს ამ ერთი წლის განმავლობაში”, – ამბობს იურისტი.
ცინცაბაძის თქმით, პრობლემურია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მიღებული აქტებიც არაა შესაბამისობაში კანონთან, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ამოქმედებულიყო. მაგალითად, მარტში დამტკიცდა თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომლის ბევრი დებულება არსებულ კანონმდებლობას მოერგო და არა იმ ნორმებს, რომლებიც 3 თვეში უნდა ამოქმედებულიყო:
“ეს არის სერიოზული პრობლემა, მით უმეტეს, როცა ამხელა სამუშაოები გაიწია და შეიქმნა ახალი საკანონმდებლო აქტები და შეიცვალა ეს აქტები, ბუნებრივია, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ 3-4 თვეში ახალი კანონი ამოქმედდებოდა”, – ამბობს იურისტი.
ცინცაბაძის აზრით, კანონქვემდებარე აქტების მოსაწესრიგებლად 6 თვე საკმარისი არ იქნება და, შესაბამისად, არსებობს აღნიშნულის ზედაპირულად გაკეთების ალბათობა.
“მთავარი პრობლემა არის ის, თუ რას აკეთებდა მერია, რატომ არ იფიქრა მერიამ მთელი ერთი წელი იმაზე, რომ ამხელა გეგმა ჰქონდა წინ”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.