ახალი ამბები

ხელისუფლებაში არსებობენ ძალები, რომლებიც ებრძვიან ანაკლიის პორტს – კონსორციუმის დირექტორი

30 მაისი, 2019 •
ხელისუფლებაში არსებობენ ძალები, რომლებიც  ებრძვიან ანაკლიის პორტს – კონსორციუმის დირექტორი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, 29 მაისს მომხდარი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლას ცდილობენ.

ახვლედიანი არ ამბობს, ვინ არიან ეს ძალები, თუმცა 29 მაისს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაიცა, ეჭვი გაუჩინა იმ ბანკებს, რომლებმაც კონსორციუმს სესხი უნდა გამოუყონ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არ სჯერათ, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა დამოუკიდებლად მიიღო სამშენებლო ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება.

“ის ფაქტი, რომ ნებართვა გაიცა 2 მაისს და ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები როგორც ხელისუფლებაში, ისე ქვეყნის გარეთაც, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რათა ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ნებართვის გაცემამ გააჩინა ეჭვი… არ გვაქვს გარანტია იმის, რომ მსგავსი მოვლენები მომავალში აღარ მოხდება. გუშინ, გვიან ღამით, გვირეკავდნენ ჩვენი პარტნიორები, ბანკები, ჩვენი ოპერატორი [ანაკლიის პორტი], ისინი შეშფოთებულნი იყვნენ იმით, რაც ხდებოდა. რადგან 2 მაისს გაცემულ ნებართვაზე 21 მაისის შეხვედრაზე არაფერი თქმულა, ეს ნდობის საკითხს აყენებს. ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ბანკებთან ეს ნდობა აღადგინოს და მოლაპარაკებები ისევ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. დაუჯერებელია, რომ 28 დღის მანძილზე ხელისუფლებაში არავინ ამ ნებართვის შესახებ არ იცოდა”,-აცხადებს ახვლედიანი.

რა პოზიცია აქვს ევროკავშირის ფონდს, რომელთანაც ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევის საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი არ პასუხობს. ასევე, ჯერ უცნობია, როდის შედგება ბანკებს, მთავრობასა და კონსორციუმს შორის შეხვედრა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს, გვიან ღამით გაავრცელა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”. აღნიშნულს წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა ფოთის პორტში, ანაკლიის სიახლოვეს გასცა. როგორც ანაკლიის მშენებელი კონსორციუმი აცხადებს, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ინფორმაცია მედიით გაიგეს.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა”  ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის   მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა.

“ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

დღეს, 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კომპანიაზე გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვა არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა ნებართვა ისე გასცა, რომ ის მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის გამო  თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი