ახალი ამბები

მაღალჩინოსანი, რომელმაც ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე ნებართვა გასცა, გათავისუფლებულია – თურნავა

30 მაისი, 2019 • 1761
მაღალჩინოსანი, რომელმაც ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე ნებართვა გასცა, გათავისუფლებულია – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მინისტრის თქმით, კაკაურიძემ სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილ კომპანიას ისე მისცა ღრმაწყლოვანი პორტის მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ან მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს თურნავა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს, გვიან ღამით გაავრცელა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”. აღნიშნულს წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა ფოთის პორტში, ანაკლიის სიახლოვეს გასცა. როგორც ანაკლიის მშენებელი კონსორციუმი აცხადებს, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ინფორმაცია მედიით გაიგეს.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა”  ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა.

“ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი