ახალი ამბები

უსუფაშვილი ელის, რომ ბოკერია “გაშავგულიძევდება” და არა პირიქით

29 მაისი, 2019 • 1386
უსუფაშვილი ელის, რომ ბოკერია “გაშავგულიძევდება” და არა პირიქით

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი იმისა, რომ თუ შალვა შავგულიძე “ევროპულ საქართველოში” უსამართლობას დაინახავს, როგორც ადრე, არც ახლა გაუჭირდება პარტიის დატოვება.

უსუფაშვილი განმარტავს, რომ მისთვის უფრო მოსალოდნელია გიგა ბოკერიას “გაშავგულიძევება” – ვიდრე პირიქით.

“ტვ პირველთან” ინტერვიუს დროს უსუფაშვილი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას შალვა შავგულიძეს მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში და ამბობს, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ შეცდომების გამოცდილებად ქცევის უნარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ჩვენ წარსულის ტყვეობაში დავრჩებით იმიტომ, რომ შეცდომები ყველას გვაქვს დაშვებული”.

“მე მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ბოკერია “გაშავგულიძევდება” იმ საკითხებში… მე ვიყავი იმ პოლიტიკურ გუნდში, რომელიც შავგულიძემ 2014 წელს დატოვა, იმიტომ, რომ მან უსამართლობა დაინახა და ასე ჩათვალა სწორად. ის არ იყო ირაკლი ალასანიას ფრაქციის წევრი, ის იყო ოცნების ფრაქციის წევრი, მაგრამ როდესაც ამ პროცესში მის მეგობრებთან, ალასანიას გუნდთან მოხდა ის დაპირისპირება, მან დატოვა თანამდებობა და იქაურობა.

ანუ, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა დაინახა რაღაც და არ მოეწონა და დატოვა, მე მგონია, რომ შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი, თუ დაინახავენ რაიმე ტიპის შეცდომას, რაც, სამწუხაროდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და ლიდერებს უხვად აქვთ ჩადენილი, მე მგონია, რომ ისინი იმასაც დატოვებენ”, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია პოლიტიკური შეცდომების აღიარება და გამოსწორება. უსუფაშვილი განმარტავს, რომ დღეს პარლამენტში უამრავი ადამიანია, რომელიც “ღილაკებზე თითის დაჭერით სასტიკ შეცდომებს” უშვებენ, თუმცა მათ უნდა ჰქონდეთ შეცდომების აღიარების უფლება.

“… მაგრამ ეს აღიარება არ უნდა იყოს რაღაც ისეთი – ყოველდღიური – გავიარეთ და წავედით წინ. მე არ შევუერთდი “ევროპულ საქართველოს” და არც მაქვს ამისი გეგმა, მაგრამ “თავისუფალმა დემოკრატებმა” გადადგეს ეს ნაბიჯი. ამის გამო, ამ ფაქტის გამო, დავივიწყო მე, რას აკეთებდა შავგულიძე გიგრგვლიანთან დაკავშირებით და მურუსიძე ვაქციო მორალური რაინდად ჩემი შვილებისთვის?!

მთაწმინდის არჩევნებით ბიძინა ივანიშვილი ჩემს შვილებს ეუბნება – ახალგაზრდებო, საქართველოს მომავალი, თქვენი მომავალი გმირი საჯარო და სახელმწიფო საქმეებში მურუსიძეა, რომელსაც, აბა, რა ექნა, ხომ ვერ შეეწინააღმდეგებოდა იმ სისტემას. და თურმე ბოროტი ძალა არის შავგულიძე, რომელსაც წლების განმავლობაში  სუპერჩახლართული გარიგება ჰქონია ვიღაცებთან. და თუ არა პროკურორის კეთილი ნება, რომ იმან გაასაჩივრა და არა – ამან, მაშინ ე.ი. გირგვილიანის საქმე ვერ გამოჩნდებოდა. ადეიშვილი გამოჩნდება ცოტა ხანში გმირად, ალბათ.

ამხელა მორალურ სიყალბეზე წასვლის დროს – დიახაც, მე ვაცხადებ, რომ შავგულიძეს ვუჭერ მხარს. მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მე არ ვიცი იმ გაერთიანების მომავალი, სადაც ის შევიდა. მე მინდა, რომ ის განცხადება, რაც მათ [ევროპულ საქართველოში] თქვეს, იყოს მართალი, რომ  შავგულიძის იქ მისვლა არის არა შავგულიძის ჩაყლაპვა, არამედ რაღაცის დემონსტრირება. რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ორბიტიდან დისტანცირებას ემსახურება – თუ ეს ასეა, კარგი იქნება”, – აცხადებს უსუფაშვილი.

უსუფაშვილი ასევე განმარტავს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის მორალური დაპირისპირებაა, როდესაც მას ეუბნებიან, რომ “მიეცით კახაძეს ხმა და ამით დაადასტურეთ ის, რომ ამ ქვეყნის მომავალი მორალურ გმირობაში არიან მოსამართლეები, რომლებსაც ყველა ძალა და უფლებამოსილება ჰქონდათ, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება”.

“ივანიშვილმა დაადგინა ეს სტანდარტი, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია დაადასტუროს ან ქართველობა, ან პატრიორობა, “არანაციონალობა” – არის ის შემთხვევა, როდესაც მას გვერდში დაუდგები. სხვა ყველა გზა მოსპობილია. სხვა გზა არ არსებობს, თუ ის არ აღიარე, სხვანაირად ვერ იქნები მართალი, პროფესიონალი, პატრიოტი და ა.შ.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ არ ხარ მართლმადიდებელი, არ ხარ ქართველი, ბიძინა კი ეუბნება, თუ არ ხარ “ბიძინისტი”, არ ხარ ქართველი. ამ პრინციპული მოსაზრებების გამო არის მთაწმინდაზე შავგულიძის მხარდაჭერა სწორი და არა სხვა რაღაც პატარ-პატარა რაღაცების გამო”, – ამბობს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი