პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის პერსპექტივები.
“როგორც პრემიერმა ევროკომისართან შეხვედრისას აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებისთვის საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, უშუალოდ ჩაერთოს მოლაპარაკებებში, წარმატებული შედეგის მიღწევის მიზნით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს, სამხრეთის დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
მიმდინარე წლის თებერვალში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობამ დააანონსა, რომ 2014 წლის შემოდგომაზე საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება იგეგმებოდა. განცხადება იმის შესახებ, რომ ოქტომბრისთვის საქართველო ევროპული ენერგოგაერთიანების წევრი იქნებოდა, თვითონ ოტინგერმაც გააკეთა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან საქართველო კავშირში არ შესულა. იმას, თუ რატომ გადაიდო საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, რა როლი აქვს ამ პროცესში საქართველოში გამავლ მილსადენებს, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.