მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, აცხადებს, რომ მისი უკრაინული პარტია, „ახალ ძალთა მოძრაობა“ უკრაინის ხელისუფლებამ სხვა ადამიანის სახელზე უკანონოდ გადაარეგისტრირა.
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას კითხვაზე, რა გეგმით ჩადის უკრაინაში, — პოლიტიკაში ჩაერთვება და მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას ჩაუდგება სათავეში, თუ მრჩევლის როლს შეასრულებს, თუ უსაუბრია ამ საკითხზე ზელენსკისთან, სააკაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:
„წარმოიდგინეთ, წინა ხელისუფლებაში როგორ ეშინოდათ ჩემი პარტიის. სუფთა ივანიშვილი როგორი აფერისტიც არის, ეგეთი აფერისტები არაინ. დაიჭირეს ვიღაც ალკოჰოლიკი, დაახლოებით გლდანი-ვარკეთილი რომ არის, ეგეთი ადგილას კიევში, ძალიან კარგი კვარტალია. ამ საცოდავს ერქვა უკრაინული სახელი და გვარი, დაარქვეს მიხაილო სააკაშვილი, მის სახელზე გადაარეგისტრირეს ჩემი პარტია და უამრავი ათასი ჩვენი აქტივისტი დარჩა პარტიის გარეშე“, — განაცხადა სააკაშვილმა.
„დღეს ის [იუსტიციის] მინისტრი [პავლო] პეტრენკო, ვინც ეს გააკეთა, ჯერ კიდევ მინისტრია და სასამართლოებში ჯერ კიდევ ძველი ხალხია. ამ მხრივ ძნელი იქნება პირდაპირ არჩევნებში ჩართვა, რადგან პრეზიდენტის ბერკეტები ჯერ კიდევ შეზღუდულია… მაგრამ მე, ჯერ ერთი, მივდივარ სახლში. რადგან პატარა სალხი გვაქვს კიევის გარეუბანში, როდესაც გამიტაცეს, მთელი ჩემი ნივთები იქ დარჩა“, — დასძინა ექსპრეზიდენტმა.
უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს — საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს — 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და უკრაინაში ხვალვე, ანუ 29 მაისს, დღის მეორე ნახევარში ჩაფრენის პირობა დადო. იქვე დასძინა: „კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრები არის საქართველოზე და უკრაინაზე“.
„კარგია, რომ დავფუძნდები ერთ ადგილზე. კარგია, რომ მყავს უამრავი, ასობით ათასი მომხრე უკრაინაში და მხარს მიჭერს, ზელენსკის გუნდში ბევრი მეგობარია. რაც მთავარია, ახალი ენთუზიაზმია, ახალი ენერგიაა უკრაინაში. მეც, როგორც შემეძლება, გამოცდილებას გავუზიარებ. საქართველოს ისტორია მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა“, — ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილმა ზელენსკი დაახასიათა, როგორც „უნიჭიერესი, self-made [ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა] ტიპი“ და თქვა, რომ იგი იქნება „ბევრად უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია“, — ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილის თანახმად, ზელენსკისთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება და ამ საკითხის გამო „დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა ბოლო კვირების განმავლობაში“.
რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის? წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:
რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის?