მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: EPA/Remko de Waal

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება რამდენიმე პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ამავე განკარგულებით, ცვლილება შედის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულებაში, საიდანაც ამოღებულია ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

“მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. დიდება უკრაინას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და შედეგად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 2017 წლის ივლისში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რის შემდეგაც ის გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი).

ამავე თემაზე

კიევში ხვალ ჩავფრინდები… დავეხმარები ზელენსკის – სააკაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.