ახალი ამბები

რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის?

28 მაისი, 2019 •
რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის?

რას ნიშნავს და შეცვლის თუ არა რაიმეს ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება?

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს — საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს — 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და უკრაინაში ხვალვე, ანუ 29 მაისს, დღის მეორე ნახევარში ჩაფრენის პირობა დადო. იქვე დასძინა: „კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრი არის საქართველოზე და უკრაინაზე“.

მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში მის მიერვე დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ლიდერად რჩება, დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს და ქართულ პოლიტიკას.

ვოლადიმირ ზელენსკი; ფოტო: unian

რას ნიშნავს ზელენსკის ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილისთვის? ცვლის ეს რამეს ქართული პოლიტიკისთვის? მოსალოდნელია თუ არა, რომ სააკაშვილმა გააკეთოს ის, რასაც პოლიტიკის კომენტატორების ნაწილი „ქართული ოცნების“ შესაძლო დამარცხების წინაპირობად მიიჩნევდა — ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას?

„კმაყოფილების საფუძველი“

როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ზელენსკის ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილისთვის მორალური კმაყოფილების საფუძველია: „აღიარება, რომ თავის დროზე უსამართლოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და იმის ნიშანი, რომ ახალი პრეზიდენტი მის მიმართ კეთილგანწყობილია, მას შეუძლია ჩავიდეს უკრაინაში“.

„სამართლიანობის აღდგენა“ უწოდა ზელენსკის ნაბიჯს სააკაშვილის მოკავშირე სხვადასხვა პოლიტიკოსმა, მაგალითად, იულია ტიმოშენკომ და ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია დადებითად აფასებს სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას, რადგან, მისი აზრით, წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ მისი გაძევება არც იურიდიულად იყო გამართლებული და არც პოლიტიკურად:

„სააკაშვილისნაირი ლიდერები, რომლებიც პოპულარულ აზრზე და ხალხის განწყობებზე თამაშობენ, თვითონ პოლიტიკურმა სისტემამ უნდა მოაქციოს რაღაც ჩარჩოში. მათ [უკრაინის ხელისუფლებამ] ჩათვალეს, რომ ვერ აქცევდნენ ამ ადამიანს ჩარჩოში… გაძევებითა და მოქალაქეობის ჩამორთმევით სისუსტე გამოაჩინეს. ასე აღარ უნდა განმეორდეს… ამ ადამიანმა თავიდან უნდა შეძლოს ამ სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედება, პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება“, — ამბობს ცხადაია.

რას იზამს სააკაშვილი?

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სააკაშვილი „აუცილებლად გააგრძელებს უკრაინაში მოღვაწეობას“.

თუმცა, მისივე თქმით, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ იგი ჩამოშორდება საქართველოში ენმ-ის საქმიანობას.

„მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ გააგრძელებს უკრაინაში მოღვაწეობას. რა ფორმით და როგორი ფორმით, ალბათ, მომავალში გამოჩნდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც მოკავშირე, ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ახალ პრეზიდენტს“, — გვეუბნება ხატია დეკანოიძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, მოსალოდნელია თუ არა, სააკაშვილმა დისტანცია დაიჭიროს ქართული პოლიტიკისგან, გია ნოდია გვეუბნება, რომ ჯერჯერობით რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები:

„[ზელენსკის გადაწყვეტილებიდან] ჯერ არ გამომდინარეობს, რომ სააკაშვილს სერიოზული როლი ექნება უკრაინის პოლიტიკაში. როცა მას ჰქონდა უკრაინის პოლიტიკაში როლი, მაშინაც ვერ ვიტყით, რომ ჩამოშორებული იყო ქართულ პოლიტიკას. თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, ზელენსკის ეს გადაწყვეიტლება ნიშნავს თუ არა, რომ სააკაშვილის გამოყენება უნდა. თუნდაც მრჩევლად აიყვანოს ან თანამდებობა მისცეს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება“, — ამბობს გია ნოდია.

გია ნოდია

გიორგი ცხადაიაც ამბობს, რომ რთული სათქმელია, იტყვის თუ არა სააკაშვილი უარს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე, თუმცა ჩვეულ ვითარებაში, ნაკლებად სავარაუდოა მან ამაზე უარი თქვას: „უკრაინის პოლიტიკაში თუ სრულფასოვნად დაბრუნდა, ალბათ, მაინც გააგრძელებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. არა მგონია, მისთვის ეს დიდი დატვირთვა იყოს. თუკი გამწვავდა სიტუაცია უკრაინაში, შეიძლება ამაზე გადაერთოს, მაგრამ ჩვეულ კალაპოტში თუ წარიმართა პროცესები, ალბათ, დარჩება საქართველოსთვისაც დრო“.

„კარგი საქართველოსთვისაც“

თუმცა გიორგი ცხადაია ფიქრობს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოსთვისაც კარგია შემდეგი თვალსაზრისით:

„მას მორალური უპირატესობა აღარ ექნება. მაშინაც კი, თუ რაღაც საკითხებში მტყუანია, მორალურ უპირატესობას ინარჩუნებს იმით, რომ არასამართლებრივი ხერხებით ებრძვიან. როდესაც ამ სამართლებრივ ჩარჩოში ჩაჯდება, უფრო რაციონალურად მოხდება მისი, მისი როლის, ქმედებების გააზრება. ეს საჭიროა [დღევანდელი] ისტერიული რეჟიმიდან გამოსასვლელად“.

გიორგი ცხადაია © ტაბულა/გადაცემა ამაოების ბაზარი

ცხადაიას თანახმად, „ეს არის გამოსავალი, რათა რაღაცნაირად მოვერიოთ საფრთხეს, რაც შეიძლება სააკაშილისგან მოდიოდეს“. რას საფრთხეს გულისხმობს? „ხშირად იწვევს პოლიტიკური დაპირისპირების გაღრმავებას და ბოლო დროს უკვე იყო თითქმის რევოლუციისკენ მოწოდებები და ა.შ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი