“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აუცილებლად დაბრუნდება და იქნება უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტ ზელენსკის მოკავშირე.
“აუცილებლად დაბრუნდება და გააგრძელებს უკრაინის დემოკრატიის განვითარებისთვის მოღვაწეობას, ისევე როგორც ყოველთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძე არ აკონკრეტებს, ჩაუდგება თუ არა სააკაშვილი სათავეში მის მიერ უკრანაში დაფუძნებულ პარტიას.
“მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ გააგრძელებს უკრაინაში მოღვაწეობას. რა ფორმით და როგორი ფორმით, ალბათ, მომავალში გამოჩნდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც მოკავშირე, ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ახალ პრეზიდენტს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ის ჩამოშორდება საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას.
“მიხეილ სააკაშვილი 7 წელია საქართველოდან დევნილია. რეალურად მას არცერთი წამი არ შეუწყვეტია საქართველოს და უკრაინის კეთილდღეობისთვის ბრძოლა. ამიტომ ახლა აღდგა კანონზომიერება. მე, როგორც უკრაინის ძალიან დიდი გულშემატკივარი, ვფიქრობ, რომ ზელენსკის მხრიდან ღირსეული გადაწყვეტილება იყო სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა. ის აფასებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც რეგიონში დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს უკრაინის და საქართველოს განვითარებისთვის ბრძოლას, როგორც აქამდე”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის წინაააღმდეგ უკრაინაში არავითარი საქმე არ არის აღძრული, ვინაიდან “სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ხელოვნურად იყო აღძრული, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ დაიხურა”.
უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება რამდენიმე პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ამავე განკარგულებით, ცვლილება შედის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულებაში, საიდანაც ამოღებულია ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის?
რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის?