ახალი ამბები

საქართველოს და აზერბაიჯანს საჩხუბარი არაფერი აქვთ – ზალკალიანის მოადგილე

28 მაისი, 2019 • 958
საქართველოს და აზერბაიჯანს საჩხუბარი არაფერი აქვთ – ზალკალიანის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა ჩაიაროს და საზღვრის დამდგენ კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

“ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს და კომისიებს მიეცეთ საშუალება მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ მუშაობა. საქართველოს და აზერბაიჯანს საჩხუბარი არაფერი აქვთ არცერთ საკითხზე. შესაძლებელია და ორივე ქვეყნის მოტივაციაა, რომ ჩვენ მშვიდ ვითარებაში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნის საზოგადოებებისთვის ხელსაყრელი და მისაღებია. ამისთვის მნიშვნელოვანია არა ემოციური ფონი და ურთიერთბრალდებები, არამედ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ყველას მოვუწოდებ, რომ ამ მხრივ ვიფიქროთ და ყველაფერს პასუხისმგებლობით მივუდგეთ”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიები მომდევნო შეხვედრას ერთი თვის ვადაში გამართავენ, მანამდე ორი ქვეყნის სპეციალისტები ადგილზეც ჩავლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი