ამ საკითხზე დავით ბაქრაძემ პირველი კომენტარი “საზოგადოებრივ მაიწყებელთან” გააკეთა:
“ხვალ უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. პირველ რიგში, ვგეგმავ ინფორმაციის მიწოდებას მათთვის იმ გატარებული სამუშაოს შესახებ, რაც ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში განხორციელდა, იგულისხმება ბოლო ორი-სამი თვე, რაც შეთანხმების 80% ამოქმედდა. ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით მივიღებთ მათ კომენტარებს და პასუხებს და შემდგომ დაისახება 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა. ვერაფრით ვერ გავიზიარებ იმას, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ამ ძალისხმევას, შესაბამისად, ამ მიმართულებით 24-საათიან რეჟიმში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ და შედეგებს დაველოდოთ”.
მისივე თქმით, მინისტრის პოსტის შეთავაზება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:
“დიპლომატიურ სამსახურში 12-წლიანი გამოცდილების შემდეგ ჩამომიყალიბდა ის გამოცდილება, რომელიც მეხმარებოდა საბერძნეთში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყანაში, სახელმწიფო სტრუქტურებთან, პარლამენტარებთან, ევროპარლამენტარებთან მუშაობაში. ესაა ქვეყანა, რომელიც სკეპტიკოსი ქვეყნებიდან თანდათანობით იცვლის თავის პოზიციას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერი ქვეყანა ხდება. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა, სასიამოვნო შემოთავაზება იყო. გამოწვევა ძალიან დიდია, ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით მთელი ძალისხმევა მობილიზებული აქვს”.
დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ნოემბერს წარადგინა.
