ახალი ამბები

მარგველაშვილი: “ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია”, ეს ჩვენი თვისებაა

16 ნოემბერი, 2014 • • 1110
მარგველაშვილი: “ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია”, ეს ჩვენი თვისებაა

პრეზიდენტის სპექციალური განცხადება “ფეისბუკის” გვერდზე გავრცელდა: 

“ტოლერანტობა თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ამ თავისუფლების განვითარებას.

თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია. ჩვენი მდიდარი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის პატივისცემა, მიღება და გაგება აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და თანამშრომლობის საზოგადოების ასაშენებლად. 

საბედნიეროდ, მთელი ჩვენი ისტორია ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მაგალითებს უხვად გვთავაზობს.

როგორც პატრიარქი ბრძანებს, ‘ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი’. 

სწორედ ქრისტიანული და ჰუმანური ფასეულობების, ჩვენი მდიდარი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ტრადიციებმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: მშვიდობის – მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა” –ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი