ეს აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა – ბაქო დავითგარეჯთან მიმდინარე სამუშაოებზე

“ქეშიქჩიდაღის” მონაკვეთზე არსებულ საზღვარს აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო სამსახურები იცავენ” – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხალაფ ხალაფოვმა აზერბიჯანულ მედიას განუცხადა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანი და საქართველო ავტომატურად გახდნენ არსებული ადმინისტრაციული საზღვრების სამართალმემკვიდრეები. შედეგად, ეს საზღვრები გახდა სახელმწიფო და ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების მიერ კონტროლდებოდა.

“ქეშიქჩიდაღის” [დავითგარეჯი] ნაკრძალ ტერიტორიებზე არსებულ ძეგლებთან გადასვლა ქართველი მომლოცველეების მიერ, ქართული მხარის მომართვითა და ერთობლივი შეთანხმებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ კონტროლდებოდა. დღესაც ასეა. რაც შეეხება რაღაც სამეურნეო თუ სხვა სამუშაოებს საკუთარ ტერიტორიაზე, ეს ყველა მხარის სუვერენული უფლებაა”.

მანამდე ოფიციალური ბაქოს მიერ გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ კომპლექსის ერთი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, მეორე კი- საქართველოსი.

დღეს, 28 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია, სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იმართება.

სახელმწიფო მესვეურებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას კონსტრუქციულობისკენ და ემოციური განცხადებებისგან თავის შევაკებისაკენ.

„აუცილებელია, რომ ჩვენ, ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე, ყველა საკითხი გავიაროთ [საზღვრის დელიმიტაციის] კომისიის ფარგლებში. კომისია მოწადინებულია, საკითხები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე მოგვარდეს“, — განაცხადა ზალკალიანმა 23 მაისს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მან წამოიწყო საუბარი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, რამაც შესაძლოა „რაღაც შედეგები გამოიწვია“.

ზურაბიშვლმა 20 აპრილს მოინახულა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და თქვა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. იგი დავითგარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებსაც შეხვდა და განაცხადა: “სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს”. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ზურაბიშვილმა ერთი თვით ადრე, აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც წამოსწია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი