ახალი ამბები

ტყიბულში დაღუპული მუშის ცხედარი ამოასვენეს

28 მაისი, 2019 • 878
ტყიბულში დაღუპული მუშის ცხედარი ამოასვენეს

ტყიბულში დაღუპული 55 წლის მუშის ცხედარი ქვანახშირის კარიერიდან მეორე დილას ამოასვენეს.

55 წლის კაცი 27 მაისს ქვანახშირის მომპოვებელ კარიერში მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ მოჰყვა [კარიერი სამთო საწარმოა, სადაც ღია მეთოდით მოიპოვებენ სასარგებლო წიაღისეულს, ამ შემთხვევაში, ქვანახშირს].

28 მაისის დილას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, რომ მაშველებმა მისი ცხედარი იპოვეს და ამოასვენეს.

უწყების თანახმად, იგი ნახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაობის წარმოების დროს მოჰყვა ქვანახშირის მასის ქვეშ. მათივე ცნობით, „ძებნით სამუშაოებს გრუნტის მასების ჩამოშლის მაღალი საფრთხე და კარიერის ამორტიზებულობა აფერხებდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომპანია „საქნახშირი“ აცხადებს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ — მას შემდეგ, რაც საწარმოო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა — ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებული აქვს;

კომპანიის თანახმად, მას შეჩერებული აქვს ხელშეკრულებები კონტრაქტორებთან და კერძო პირებთან, რომლებიც ცალკეულ ადგილებში მოიპოვებდნენ წიაღისეულს. შესაბამისად, კომპანიის თანახმად, მათ არ აქვთ კავშირი ამ შემთხვევასთან.

გაიგეთ დეტალები:

საქნახშირი: კარიერში, სადაც მიწამ მუშა მოიყოლა, ყოფილი კონტრაქტორები უნებართვოდ მუშაობდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი