ახალი ამბები

ტყიბულში, მინდელის შახტში, კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

16 ივლისი, 2018 • 36677
ტყიბულში, მინდელის შახტში, კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა  ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევა 16 ივლისს, გამთენიისას მოხდა. “საქნახშირის” გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა “კურიერს” განუცხადა, რომ მიზეზები უცნობია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით,  შახტის ერთ-ერთ გვირაბში,  სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ადგილზე გარდაიცვალა 4 მეშახტე, ექვსი კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაიღუპნენ:

  • 1961 წელს დაბადებული მ.ლ;
  • 1963 წელს დაბადებული მ.გ;
  • 1988 წელს დაბადებული ლ.ფ;
  • 1961 წელს დაბადებული ი.ქ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. ის “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი -ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი