ახალი ამბები

საქნახშირი: კარიერში, სადაც მიწამ მუშა მოიყოლა, ყოფილი კონტრაქტორები უნებართვოდ მუშაობდნენ

27 მაისი, 2019 •
საქნახშირი: კარიერში, სადაც მიწამ მუშა მოიყოლა, ყოფილი კონტრაქტორები უნებართვოდ მუშაობდნენ

კომპანია „საქნახშირი“ აცხადებს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ — მას შემდეგ, რაც საწარმოო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა — ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებული აქვს;

კომპანიის თანახმად, მას შეჩერებული აქვს ხელშეკრულებები კონტრაქტორებთან და კერძო პირებთან, რომლებიც ცალკეულ ადგილებში მოიპოვებდნენ წიაღისეულს. შესაბამისად, კომპანიის თანახმად, მათ არ აქვთ კავშირი 2019 წლის 27 მაისს მომხდარ შემთხვევასთან, რა დროსაც მუშა ქვანახშირის კარიერში მიწისა და ნახშირის ქვეშ მოჰყვა.

დღეს, 27 მაისს ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ კარიერში 55 წლის მუშა მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ მოჰყვა [კარიერი სამთო საწარმოა, სადაც ღია მეთოდით მოიპოვებენ სასარგებლო წიაღისეულს, ამ შემთხვევაში, ქვანახშირს]. დღის მეორე ნახევარში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

[განახლება: დაღუპულის ცხედარი მაშველებმა 28 მაისის დილას იპოვეს და ამოასვენეს. 28 მაისი, 11:00]

კომპანია „საქნახშირის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კონტრაქტორსა და კერძო პირთან ხელშეკრულებები შეაჩერეს, ზოგიერთი მათგანი ცალკეულ ადგილებში მაინც აგრძელებდა ქვანახშირის მოპოვებას.

ნეტგაზეთი ესაუბრა “საქნახშირის” გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, რომელმაც დაგვისახელა კონკრეტული პირი, რომელიც, მისი ინფორმაციით, იმ კარიერზე იყო ყოფილი კონტრაქტორი, სადაც 27 მაისს მუშა მოჰყვა. ნეტგაზეთი ჯერჯერობით არ ასახელებს ამ პიროვნებას, სანამ მისგან კომენტარს არ მოვიპოვებთ.

ჯამბულ ჯაყელის თქმით, კომპანიას ეს ყოფილი კონტრაქტორი ოთხჯერ ჰყავს გაფრთხილებული — 16 აგვისტოს, 28 თებერვალს, 5 მარტს, 14 მარტს კი გააფრთხილეს, რომ უჩივლებდნენ.

ამასთან, კომპანიის თანახმად, მათ მიმართეს შესამაბის უწყებებს, რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, „რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი“.

პრესრელიზის თანახმად, „საქნახშირმა“ რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რის შემდეგაც მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ წიაღის ეროვნული სააგენტო“, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველო.

„კომპანიის მხრიდან წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით“, — წერს „საქნახშირი“. მათ ამის ამსახველი წერილების ელექტრონული ვერსიებიც გაავრცელეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოსთვის გაგზავნილ წერილში აღწერილია ის, რასაც კომპანია აცხადებს — რომ ყოფილ კონტრაქტორები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ობიექტების ლიკვიდაცია მოეხდინათ, თუმცა, მათი ინფორმაციით, ყოფილი კონტრაქტორები „პერიოდულად ფარულად აგრძელებენ მოპოვებით სამუშაოებს ლიცენზიის სამთო მონაკვეთში არსებულ გარე შახტებში“, რის გამოც სამმართველოს სთხოვენ, გაატაროს „სათანადო ღონისძიებები“ და „უზრუნველყოს წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთა“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს კითხვით, ადასტურებენ თუ არა ამ ინფორმაციას და ამ მიმართვების შემდეგ რა ზომები მიიღეს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი