დაშავებული მუშებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ზესტაფონში რკინიგზაზე მუშაობისას რელსები დაეცა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად “რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა” გაავრცელა, “ნეტგაზეთს” “საქართველოს რკინიგზაში” დაუდასტურეს.
კომპანიაში მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და აცხადებენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
“საქართველოს რკინიგზაში” დაზუსტებით ვერ საუბრობენ სამუშაო ადგილზე დაშავებული მეორე მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
“რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა” 27 მაისს, შუადღეს გაავრცელა ცნობა, რომ “საქართველოს რკინიგზაში” ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირსა და მჭედელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ.
მოგვიანებით, მომხდარზე განცხადება კომპანიამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუშებმა დაზიანებები “მარაგი ნაწილების ჩამოშლის” შედეგად მიიღეს.
“საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს”, – აცხადებდა კომპანია.