ახალი ამბები

“აღასრულე სამართალი” – აქცია სასამართლოსთან სარალიძის საქმეზე [ვიდეო]

27 მაისი, 2019 •
“აღასრულე სამართალი” – აქცია სასამართლოსთან სარალიძის საქმეზე [ვიდეო]

“აღასრულე სამართალი” – ამ სახელწოდებით დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება.

“გადამწყვეტი სიტყვა დღეს სააპელაციო სასამართლომ უნდა თქვას, ვინაიდან სწორედ სასამართლოს შეუძლია, აიძულოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პროკურატურა, გადადგან ქმედითი ნაბიძჯები და აღასრულონ სამართალი”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში.

“საზოგადოება 2017 წლის პირველი დეკემბრიდან აქტიურად ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. ამ შემთხვევის შემდეგ  განვითარებული მოვლენების შედეგად გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, საქართველს სახალხო დამცველმა მიიღო რეკომენდაციები, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა მოვლენებს. მიუხედავად აღნიშნულისა,  დღეს კიდევ უფრო მეტი კითხვა და ბუნდოვანებაა საქმის ირგვლივ, რაც შესაბამისად, ასახვას პოულობს საზოგადოების დამოკიდებულებაში ხელისუფლების ორგანოების მიმართ.

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის  საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, გაიტანოს პირვანდელი ბრალდება  სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე (გამოყოფილი საქმე ეხება შეუტყობინებლობისა და მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტს)”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი