ახალი ამბები

ხვალ პარლემნტში ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურ მმართველს მოუსმენენ

27 მაისი, 2019 •
ხვალ პარლემნტში ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურ მმართველს მოუსმენენ

ხვალ, 28 მაისს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში “ჯორჯიან მანგანეზის” დროებით მმართველს მოუსმენენ. სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის საკომიტეტო მოსმენა, შესაძლოა, დახურული იყოს.

კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, უკეთესი იქნება, თუ სპეციალურ მმართველს დახურულ ფორმატში მოუსმენენ, ამით ჩიქოვანს მიეცემა შესაძლებლობა იმაზე მეტი თქვას, ვიდრე ღია შეხვედრაზე იტყვის.

“ღია სხდომებზე დრო მიაქვს, აბა, როგორ დავაგროვოთ ქულები და აქ სერიოზული საქმეა გასაკეთებელი. დახურული იქნება მოსმენა თუ არა, ეს საკითხი საბოლოოდ კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. დახურული შეხვედრით რამეს კი არ ვმალავთ… გვინდა საქმიანი შეხვედრა იყოს”,-აცხადებს რომან კაკულია.

სხდომის ღია ფორმატის ჩატარებას პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძე ითხოვს. მისი თქმით, საზოგადოება ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებული უნდა იყოს. შესაბამისად, გოცირიძე მოითხოვს, სპეციალურ მმართველს ღია ფორმატში მოუსმინონ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც დახურული სხდომის მომხრეა, რადგან, როგორც ის ამბობს, შეხვედრა უფრო საქმიან რეჟიმში ჩაივლის.

ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინანტის 3 200-მდე თანამშრომელი უკვე 11 დღეა გაფიცულია. ისინი ხელფასის საწყის ეტაპზე 30 პროცენტით, წლის ბოლომდე კი დამატებით 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულების ნაწილმა შიმშილობაც დაიწყო.

რაც შეეხება “ჯორჯიან მანგანეზს”, კომპანია დასაქმებულებს ხელფასების ეტაპობრივად 25- პროცენტიან მატებას სთავაზობს. თავდაპირველად 15 პროცენტით, რეორგანიზაციის შემდეგ (ერთ წელიწადში) კი დამატებით 10-პროცენტიანი მატებით, რაც დასაქმებულებისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი