ახალი ამბებიგართობა

რას უნდა ველოდოთ „ველური დასავლეთის სამყაროს“ მესამე სეზონში [ტრეილერი]

26 მაისი, 2019 •
რას უნდა ველოდოთ „ველური დასავლეთის სამყაროს“ მესამე სეზონში [ტრეილერი]

რამდენიმე დღის წინ ტელეარხმა HBO-მ გამოაქვეყნა სერიალ „ველური დასავლეთის სამყაროს“ (Westworld-ის) მესამე სეზონის ტრეილერი.

მესამე სეზონი 2020 წელს გამოვა. უფრო ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ახალი სეზონის ძირითადი მსახიობებს სიას ემატება აარონ პოლი, რომელიც “მძიმე დანაშაულში” ერთ-ერთი მთავარი — ჯესი პინკმენის — როლის შემსრულებელია. მას ემის ჯილდო აქვს მიღებული “მძიმე დანაშაულში” (“ბრეიქინგ ბედში”) შესრულებული როლისათვის.

აარონ პოლი „ველური დასავლეთის სამყაროში“. სქრინშოთი ტრეილერიდან

ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები მესამე სეზონში. ტრეილერიდან ვიგებთ, რომ შესაძლოა, სცენარი აარონ პოლის გმირის გარშემო განვითარდეს — როგორც გამოცემა Verge წერს, მისი პერსონაჟი ეძებს ავთენტურობას სინთეტიკურ სამყაროში. ტრეილერს საუნდტრეკად გასდევს Pink Floyd-ის სიმღერა Brain Damage, რომლის ფონზეც ვუყურებთ სხვადასხვა სცენას აარონ პოლის პერსონაჟის ცხოვრებიდან და მისი მონოლოგი გვესმის:

„ზოგჯერ ფიქრობ, რომ სამყაროს არა უშავს. თითქოს საღებავის ფენით გადაფარესო. თუმცა შიგნიდან ლპება… მათ თქვეს, რომ უკეთეს სამყაროს შექმნიდნენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა…  ვფიქრობ, თუკი ცხოვრება უნდა გავაგრძელო, რაღაცის პოვნა მომიწევს, ვიღაცის, ვიღაც ნამდვილის“… ამ სიტყვების შემდეგ, ტრეილერის ბოლოში, ევან რეიჩელ ვუდის პერსონაჟი, დოლორესი ჩნდება.

ევან რეიჩელ ვუდი „ველური დასავლეთის სამყაროში“. სქრინშოთი ტრეილერიდან

სერიალის შემქმნელები ცოლ-ქმარი, ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი არიან. ჯონათან ნოლანი ასევე ცნობილი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის ძმაა. ძმებს ერთად აქვთ ნამუშევარი ბეტმენის ეკრანიზაციებზე, „მემენტოზე“, „პრესტიჟსა“ და „ინტერსტელარზე“. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეი ჯეი აბრამსია, რომელიც სხვადასხვა პროექტით, მათ შორის „დაკარგულებით“, „არმაგედონით“, „სტარ-ტრეკით“, არის სახელგანთქმული.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის “ვესტვორლდი” HBO-ზე გადის. სერიალი, ერთი შეხედვით, რობოტებზეა — ადამიანების სიმულაციებზე, რომლებსაც თითქოს საკუთარი “მე” არ გააჩნიათ. თუმცა, როგორც მაყურებელი სერიალის განვითარებასთან ერთად ხვდება, “მასპინძლების” (ასე უწოდებენ “ველური დასავლეთის სამყაროში ხელოვნურ ინტელექტს) რეალობები გაცილებით უფრო კომპლექსურია და, მათ, სწორი განვითარების შემთხვევაში, ცნობიერებაც შეიძლება ჩამოუყალიბდეთ.

„ველური დასავლეთის სამყაროს“ მეორე სეზონი 2018 წლის ზაფხულში დასრულდა. დასასრულმა პასუხები ისე გასცა წინა ეპიზოდებში წამოჭრილი კითხვების უმრავლესობას, რომ ცნობიერებაზე, არჩევანის თავისუფლებასა თუ სხვა საკითხზე მსჯელობისათვის ფართო სააზროვნო სივრცე დატოვა.

სერიალი იმავე სახელწოდების 1973 წლის ფილმზე დაყრდნობით არის გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი