ჭიათურაში მაღაროელების აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების აქციას ტყიბულელი  მეშახტეები შეუერთდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ადამიანების სიცოცხლის რისკის ფასად არ უნდა წარმოებდეს.

როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, ამჟამად ჭიათურაში 50-მდე ადამიანია ტყიბულიდან ჩასული, თუმცა, მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, აქციას სხვებიც შეუერთდებიან.

“აქცია არის სამართლიანი. მის მოთხოვნებს ბოლომდე ვიზიარებ მე. ამ ხალხს სჭირდება თანადგომა და გვერდში დგომა. მთელი ტყიბული ტიროდა ამ ბიჭების საქციელის გამო. მთელი საქართველო უნდა დაუდგეს ამ ხალხს გვერდით. ჩვენ ვიცით, რა არის მაღარო, ვიცით, რა არის შახტა”, – უთხრა ტყიბულელმა მეშახტემ “თავისუფლებას”.

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზში“ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე დასაქმებული მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ.

24 მაისს გაფიცულებმა ჭიათურის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და თანამოქალაქეებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ აქციას. დემონსტრაციაზე ბაღებისა და სკოლების პედაგოგების ნაწილიც იმყოფებოდა.

გუშინვე, გაფიცულმა მაღაროელებმა “ჯორჯიან მანგანეზსა” და კოოპერატივებს ქალაქში მანგანუმის გადაზიდვის საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, გადაკეტეს მდინარე ყვირილადან გამოყვანილი წყალი, რითაც ქარხნებში მანგანუმი უნდა გაირეცხოს.

გაფიცულების თანახმად, ისინი ამჟამად 18 სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებული და კომპანიასა და კოოპერატივებს არ აძლევენ მანგანუმის გადატანის საშუალებას.

გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა: ახლა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა.

ისინი ითხოვენ:

  1. სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას;
  2. მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას;
  3. გარანტიებს, რომ შეთანხმების შემდეგ გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან