ახალი ამბები

მარგველაშვილი: თუ ოპოზიციას უნდა ჩემთან საუბარი, პრეზიდენტის კარი ღიაა

14 ნოემბერი, 2014 • • 962
მარგველაშვილი:  თუ ოპოზიციას უნდა ჩემთან საუბარი, პრეზიდენტის კარი ღიაა

“პარტიათა სიძლიერე, პოლიტიკური პარტიების არსებობა ჩემთვის მნიშნელოვანია. თუ ოპოზიციას უნდა ჩემთან საუბარი, პრეზიდენტის კარი ღიაა”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩამოართვა ხელი მან საპარლამენტო უმცირესობას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მათაც მიესალმა:

 

“მივესალმე უმცირესობის წევრებს. შეიძლება ხელი არ ჩამომირთმევია. აქეთაც მივესალმე და იქითაც. სად სხედან უმცირესობა და უმრავლესობა, უკვე ძნელი გასარკვევია”, ამბობს პრეზიდენტი. 

 

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისთვის მისაღებია ის ფორმატი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შესთავაზა მას. მარგველაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს პარლამენტს, პირველად ამუშავდა :

 

“პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი, პირველად ამუშავდა კონსტიტუციურ მოწყობაში. პარლამენტის თავმჯდომარემ და ბიურომ შემოგვტავაზა ასეთი ფორმატი, რომ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს მოხსენება, მას უფლება აქვს მიმართოს პარლამენტს, შემდეგ პარლამენტი წყვეტს დებატების თემას”, განაცხადა მარგველაშვილმა.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს, მას შემდეგ დაითხოვა, რაც ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.

 

ამ მოვლენების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მისი სიტყვა შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყეობას. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ასევე მოოითხოვა მთავრობის სხდომაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

 

საპარლამენტო უმცირესობა უშედეგოდ მოითხოვდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მასთან კითხვის დასმის საშუალება მისცემოდათ. ამის გამო მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი