ახალი ამბებისამართალი

შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ქმარი შესაძლოა დააკავონ

24 მაისი, 2019 •
შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ქმარი შესაძლოა დააკავონ

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოს ქმარი, მიხეილ დვალიშვილი შესაძლოა დააკავონ.

როგორც შსს-ში ნეგაზეთს განუცხადეს, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გოგო ორსულობის დროს 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა. სამინისტროს ცნობით, ახლა ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რომლის დასკვნის შემდეგაც გამოძიება იმსჯელებს მიხეილ დვალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ქავერის ფოტოზე – მიხეილ დვალიშვილი, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ქმარი. სქრინი – რუსთავი 2

17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით) დააკავეს. შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო — ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, იგი დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.

ამ დროს დედა 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია. პარტნიორი კაცი კი ბავშვის სავარაუდო ჩასახვის მომენტშიც სრულწლოვანი იყო.

16 წლამდე ადამიანთან სექსუალური კავშირი დასჯადია და სექსუალურ ძალადობად კვალიფიცირდება. ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ მიმართულებითაც და დადგება თუ არა პარტნიორის პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ შსს-ს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამ დროისთვის [22 მაისი, 20:30] გოგოს პარტნიორი, ვისთანაც ცხოვრობდა, არ დაუკავებიათ.

იმ სკოლის დირექტორი, სადაც 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი გოგო ირიცხებოდა, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ 2017 წელს გოგოს დაოჯახების ამბავი პოლიციას შეატყობინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება ინფორმირებული იყო როგორც არასრულწლოვნის სახლიდან წასვლის, ისე მის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ, თუმცა მათმა თანამშრომელმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა. შსს-ს ინფორმაციით, ამის გამო მას უფლებამოსილება შეუწყდა, ხოლო გენერალური ინსპექცია აგრძელებს მოკვლევას, რათა დადგინდეს, პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან იყო თუ არა რაიმე სახის გადაცდომა ან სამსახურეობრივი გულგრილობა.

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 17 წლის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი